პირველი სასწავლო დღე 53-ე სკოლაში

პირველი სასწავლო დღე… მტირალა და თვალებგაფართოებული პატარები… ბედნიერი მშობლები და ბებია-ბაბუები…  გაგახსენდათ? მეც… დიდი ხნის წინ იყო, მაგრამ პირველი დღე სკოლაში დაუვიწყარი და განსაკუთრებული მოგონებაა.

დღევანდელი დღისათვის მომზადება იმაზე ფიქრით დავიწყეთ, თუ როგორ გაგვეოცებინა პატარები. მწირი სასკოლო ბიუჯეტი და დიდი ამბიცია ერთმანეთს ვერ შევუსაბამეთ. სკოლის დირექტორმა საჰაერო ბუშტებით შეგვაიარაღა, ჩვენ ფილტვები დავძაბეთ და მეტ-ნაკლებად გავალამაზეთ სკოლის შენობა.

პატარები სკოლის სააქტო დარბაზში მივიღეთ. აქვე გადავეცით განათლების სამინისტროს საჩუქარი – ბუქები.  საჩუქარი კი დიდებულია, მაგრამ პატარები მაინც ვერ „მოვიშინაურეთ“ – ეტყობა გული უგრძნობდათ, თუ რამდენი წელი, დღე, საათი უნდა გაატარონ სკოლის „ტყვეობაში“, გაკვეთილზე ყურადღებით ჯდომასა და გამოცდების განსაცდელში.

გვინდა კიდევ ერთხელ მივულოცოთ პირველკლასელებს ცხოვრების ახალი საფეხურზე გადასვლა და წარმატებები ვუსურვოთ მათ.

 

Leave a Reply