იზრუნეთ თქვენი შვილების ჯამრთელ მომავალზეც

კარგი მოსწავლე თავაუღებლად უნდა მეცადინეობდესო, სულ წერა-კითხვასა და განტოლებების ამოხსნაში უნდა იყოსო… ეს მოსაზრება წლიდან წლამდე არ იცვლება და მზრუნველი მშობლებიც უფრო და უფრო მეტი დაჟინებით ცდილობენ, თავიანთი პაწია ყველაზე, ყველაზე წარჩინებულ მოსწავლედ აქციონ.
გარდა სწავლასთან დაკავშირებული პრობლემებისა, პატარა ბეჯითის მშობლებს სხვა თავსატეხიც უჩნდებათ: როგორ დასვან ბავშვი, რომ ხერხემალი არ  გადაიტვირთოს, სად დაუდგან მაგიდა, რომ კომფორტულად იმეცადინოს. ეს გასაგებიც არის – მოსწავლის ცხოვრების წესი სექტემბრიდან საგრძნობლად იცვლება. თუ აქამდე პატარა ონავარი თავის ნებაზე დანავარდობდა აღმა-დაღმა, ამიერიდან საათობით ჯდომა უხდება, თანაც იძულებით პოზაში. ამას ერთვის დროის მკაცრი ჩარჩოები, რომელსაც სკოლა ნებისმიერი ასაკის მოსწავლეს უწესებს, და დაძაბული გონებრივი შრომა, რომელიც მანამდე უჩვევ მოთხოვნებს უყენებს ნერვულ სისტემას, მხედველობას, ძვალკუნთოვან აპარატს…

სასექტემბრო ფაციფუცი
შევთანხმდეთ: სამუშაო კუთხის მოწყობაზე დროულად უნდა ვიზრუნოთ. თუ ამისთვის ზაფხულში ვერ მოიცალეთ, გაითვალისწინეთ:
. საწერი მაგიდა ბავშვის სიმაღლეს უნდა შეესაბამებოდეს, რათა მოზარდი მოხერხებულად იჯდეს, თუმცა ბევრი იდეალურად შერჩეულ მაგიდასთანაც მოხრილი და თავდახრილი ზის. ბავშვის პოზას მშობლებმა გამუდმებით უნდა ადევნონ თვალყური, ვინაიდან სიმაღლისთვის შეუსაბამო მაგიდა და სკამი, ისევე როგორც არასწორი ჯდომა, ხერხემლის გამრუდებას, აღნაგობის დარღვევას იწვევს და ხშირად ახლომხედველობის მიზეზადაც იქცევა.
ბავშვებს სკოლაში უთუოდ ასწავლიან, როგორ უნდა ისხდნენ საწერ მაგიდასთან. არ დაიზაროთ და ეს შინაც გაუმეორეთ.
გაითვალისწინეთ: 
. საწერ მაგიდასთან ჯდომისას ზურგი აუცილებლად სკამის საზურგეს უნდა ეხებოდეს, წინამხარი იდაყვის სახსრამდე მაგიდაზე უნდა იდოს, ფეხები კი უმჯობესია პატარა სკამზე ან რაიმე საყრდენზე დავადგმევინოთ.
. მაგიდა მაშინ არის სწორად შერჩეული და მოხერხებული, თუ მისი ზედაპირი მასთან მჯდომი ბავშვის იდაყვზე 2-3 სმ-ით მაღლაა.
 . თვალებიდან წიგნამდე ან რვეულამდე მანძილი ასე განისაზღვრება: მაგიდაზე იდაყვით დაყრდნობისას ბავშვის თითი საფეთქელს უნდა სწვდებოდეს, მკერდსა და მაგიდას შორის ხელისგული უნდა ეტეოდეს, წიგნი კითხვისას 45 გრადუსით უნდა იყოს დახრილი და ბავშვის თვალებიდან 30-40 სმ-ით დაშორებული.
. ეცადეთ, მძლავრი (40-50-ვატიანი) მაგიდის ნათურა შეარჩიოთ და მოსწავლეს მარცხნივ ან, უკიდურეს შემთხვევაში, წინ დაუდგათ. საზოგადოდ კი, მეცადინეობისას სამაგიდო ნათურასთან ერთად სასურველია ოთახის საერთო განათებაც ჩაურთოთ.
და კიდევ: ზოგიერთ პირველკლასელს მშობლები აიძულებენ, საათზე მეტხანს იმეცადინოს. რაღა თქმა უნდა, პატარა ონავარს, რომელიც მეცადინეობისას ერთ პოზაში ვერ ჩერდება, მოუსვენრობისა და ცელქობის გამოც სჯიან.
გახსოვდეთ: პირველკლასელისთვის საწერ მაგიდასთან ჯდომა 40 წუთზე მეტხანს არამც და არამც არ შეიძლება. მეტისმეტმა დატვირთვამ შესაძლოა გადაღლა, ემოციური სტრესი გამოიწვიოს და შემდგომ ბავშვმა საშინაო დავალებების შესრულებაზე უარი თქვას. გირჩევთ, სწავლას დროდადრო დასვენება, თამაში და გართობა შეუნაცვლოთ. არ დააძალოთ ბავშვს იმის კეთება, რაც არ სიამოვნებს.

როგორც სტატისტიკა ცხადყოფს, ტანადობის დარღვევის მქონე ბავშვთა რიცხვმა საგრძნობლად იმატა. თურმე ბავშვთა დაახლოებით 60-70%-ს ეს პრობლემა აწუხებს. თუმცა, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ყველა შემთხვევაში სკოლიოზია ჩამოყალიბებული. უმეტესად  დარღვევები ძვლოვან სისტემას არ ეხება, მაგრამ გამოხატულია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის, კერძოდ, ხერხემლის სისუსტე. ასეთ დროს ბავშვს არ შეუძლია სწორად ჯდომა და დგომა. ამ დროს კუნთოვანი სისტემა არასათანადოდ არის განვითარებული, რის გამოც მოზარდი იძულებით პოზას იღებს, იხრება. დროთა განმავლობაში მოხრა ჩვევად იქცევა. ამის შედეგად მყესები და იოგები შეზღუდულად ვითარდება, ალაგ-ალაგ მოკლეა, ალაგ-ალაგ, პირიქით, საჭიროზე გრძელი.
ამრიგად, ტანადობის დარღვევის დროს წამყვანია ძვალსახსროვანი და კუნთოვანი სისტემების სისუსტე, რომლის გამოსწორებაც ადვილია და აუცილებელიც, რათა სკოლიოზი არ ჩამოყალიბდეს.

გაიმართე! 
ბევრი მშობელი ტანადობის დარღვევაში სასკოლო ინვენტარს ადანაშაულებს და იმ მერხებს მისტირის, ათეულობით წლის წინ რომ იდგა საკლასო ოთახში და მოწაფეები რის ვაი-ვაგლახით სხდებოდნენ და დგებოდნენ. თანამედროვე მერხების დადანაშაულება უსამართლობა იქნება, თუმცა მერხზე ჯდომის,  მეცადინეობის დროს სწორი პოზიციის შენარჩუნებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
შესაძლოა ბევრმა არც კი იცოდეს, რომ ტანადობის დარღვევა და სკოლიოზური დაავადება სხვადასხვა ცნებებია. ტანადობის დარღვევა დაავადების წინაპირობას წარმოადგენს. რაც შეეხება სკოლიოზს, ის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის თანდაყოლილი განუვითარებლობაა – შემაერთებელი ქსოვილი დისპლაზიურად არის შეცვლილი, მარტივად რომ ვთქვათ, ჯეროვნად არ არის განვითარებული.
სკოლიოზური დაავადების დროს, რომელიც დისპლაზიის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს, ყალიბდება ტრიადა: ბრტყელი ტერფი, ხერხემლის სხვადასხვა ხარისხის გამრუდება და სისტოლური შუილი მიტრალური სარქვლის (გულის ერთ-ერთი სარქვლის) არეში. ეს უკანასკნელი იმის ბრალია, რომ გულშიც, კერძოდ მის შემაერთებელქსოვილოვან წარმონაქმნებშიც, არის დისპლაზიური ცვლილებები. შესაძლოა, დროთა განმავლობაში შუილი გაქრეს, რადგან გულის შემაერთებელი ქსოვილი თანდათანობით ვითარდება.
სკოლიოზური დაავადება, წესისამებრ, პროგრესირებს. გვხვდება ძლიერ აგრესიული ფორმებიც, რომელთა დროსაც სულ მოკლე ხანში, მაგალითად, ორ თვეში, ხერხემლის გამრუდების პირველი ხარისხი შესაძლოა მეორეში გადავიდეს.
პათოლოგია განსაკუთრებით გარდატეხის ასაკისთვის აქტიურდება. ეს ასაკი, მოგეხსენებათ, 10-11 წლიდან იწყება. ამ დროს ორგანიზმი აქტიურად იზრდება, კუნთოვანი სისტემის განვითარება კი ხშირად ჩამორჩება. განვითარების ამგვარი ასინქრონიზმი უპირატესად იმ ბავშვებშია გამოხატული, რომლებიც ფიზიკურად ნაკლებად იტვირთებიან, უმეტეს დროს ტელევიზორთან ან კომპიუტერთან  ატარებენ, იშვიათად თამაშობენ მოძრავ თამაშებს. შედეგად ყალიბდება სხვადასხვა ხარისხის სკოლიოზი. ამას ემატება ისიც, რომ ბევრ სკოლაში ფიზკულტურის გაკვეთილებს სათანადო ყურადღება არ ეთმობა.

კომფორტული ნანები
პატარას ხერხემალი რომ არ გადაეტვირთოს, ის არა მარტო მოხერხებულად უნდა იჯდეს, არამედ მოხერხებულადაც უნდა იწვეს.
მოზარდის საწოლი, რომელშიც ბავშვი  დაახლოებით 10 საათს ატარებს, ხმელი უნდა იყოს. არ შეიძლება ზამბარებიან, ყავლგასულ მატრასზე ბავშვის დაწვენა. სასურველია, საწოლზე ჯერ ფიცარი დავდოთ და შემდეგ – 10 სმ სიმაღლის ლეიბი. ბავშვი თავიდანვე უნდა შევაჩვიოთ ზურგზე წოლას, მით უმეტეს, თუკი კიფოზისკენ (ხერხემალი გარეთ კუზივით არის გამოდრეკილი) არის მიდრეკილი. როცა საწოლი ჩავარდნილია, ხერხემალი დიდხანს იმყოფება არასწორ მდგომარეობაში და იღუნება.
რაც შეეხება ბალიშს, სასურველია, ის სხეულს კარგად იყოს მორგებული, კეფისა და ზურგის ნადრეკებს შორის სივრცეს ავსებდეს, მხრებიდან იწყებოდეს და ბავშვს თავი ისე ედოს, რომ არც წინ იყოს გადმოხრილი და არც უკან გადავარდნილი.
თუ მოზარდს ხერხემლის პრობლემები არ აწუხებს, უბალიშოდაც იოლას გავა, მაგრამ თუ ტანადობის პრობლემა აქვს, თავი ბალიშზე კომფორტულად უნდა ედოს. წინააღმდეგ შემთხვევაში თავის ტვინში სისხლის მიმოქცევა დაირღვევა, რამაც, თქვენ წარმოიდგინეთ, შესაძლოა კოშმარული სიზმრებიც კი გამოიწვიოს.

სწორად ვიქცევი?..
ბევრი მშობელი პროფილაქტიკის მიზნით ბავშვს ზურგდამჭერს უკეთებს. ამგვარი  კორსეტის ტარება გაუმართლებელია – კუნთები გაზარმაცდება და განვითარების ფუნქციას დაკარაგვს. იმისთვის, რომ კუნთოვანი სისტემა ადეკვატურად ჩამოყალიბდეს, მოზარდმა მაქსიმალურად თავისუფლად უნდა იმოძრაოს.
ზურგდამჭერის ტარება მხოლოდ  მაშინ არის გამართლებული, როდესაც ბავშვს ზურგის ტკივილი, პროგრესირებადი სკოლიოზი აქვს ან ხერხემალი ფორტეპიანოსთან დიდხანს ჯდომის გამო მეტისმეტად ეტვირთება და ა.შ. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება 1-1,5 საათით ზურგდამჭერის გაკეთება.
საინტერესოა, შეიძლება თუ არა, ბავშვი, რომელსაც ტანადობის პრობლემები აქვს, სპორტში იყოს ჩაბმული ან ცეკვაზე დადიოდეს.
როგორც სპეციალისტები გვარწმუნებენ, თუ ბავშვს პირველი ხარისხის სკოლიოზი აქვს და ძალიან უნდა ცეკვა, მაგალითად, ბალეტი, საჭიროა, ორთოპედისა და მწვრთნელის ერთობლივი დაკვირვების ქვეშ იყოს და ისე ივარჯიშოს.
თუ მეორე ხარისხის სკოლიოზია გამოხატული, სპორტს, რომლებიც ხტომასთან და მსგავს აქტიურ მოქმედებასთან არის დაკავშირებული (კალათბურთი, ფრენბურთი, ფეხბურთი, ბატუტზე ხტომა) ბავშვი, სასურველია, მოვარიდოთ. იგივე შეიძლება ითქვას ქართულ ცეკვებზეც, რომლებიც ჩაკრულის ელემენტებს შეიცავს.
მოცეკვავე ქალები ვაჟებზე გაცილებით დამზოგველ მოქმედებებს ასრულებენ, ამდენად, ცეკვა მათთვის ნაკლებად საშიშია.
კარგია ცურვაც, მაგრამ იგი ძირითადად მოქნილობას ავითარებს და არა კუნთებს. ასე რომ, ჯერ კუნთები უნდა გავამაგროთ და ცურვას მერე შევუდგეთ.

სკოლისაკენ
სასკოლო  ჩანთასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. რეკომენდებულია ზურგჩანთა განიერი ღვედებით, თუმცა ზოგიერთი ზურგჩანთის ტარებაზე უარს ამბობს და მშობელიც იძულებულია, ის თვითონ დაიკავოს ხელში. მცირე ასაკის ბავშვები ხშირად ხელში დასაჭერ მსუბუქ პორტფელს ამჯობინებენ… ეცადეთ დაარწმუნოთ შვილი, ზურგჩანთა ატაროს – ის უამრავ პათოლოგიას ააცილებს თავიდან.
თუ ბავშვს სუსტი ხერხემალი აქვს, სპეციალისტები მშობლებს ურჩევენ, პატარა ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას მოარიდონ. მიუხედავად ამისა, ჩანთის ტარება ნებადართულია, ოღონდ ზურგჩანთა სწორად უნდა მოიკიდოს ზურგზე.
რაც შეეხება ტანსაცმელს, როცა სასკოლო  ფორმას არ ითხოვენ, საუკეთესო გამოსავალია მოხერხებული და მსუბუქი ფეხსაცმელი, ჯინსი და  ასეთ სტილის სამოსი, რომელიც ბავშვს მოძრაობაში ხელს არ უშლის.

ნებისმიერი კლასის მოსწავლემ უნდა იცოდეს ხელების საპნით დაბანა და, საზოგადოდ, ხელების სისუფთავეზე ზრუნვა. აუცილებლად შეასწავლეთ ბავშვს საზოგადოებრივი ტუალეტით სარგებლობის წესები, დაარწმუნეთ ჰიგიენის დაცვის აუცილებლობაში, თანაც შეეცადეთ, ეს ყოველივე მისთვის გასაგებ ენაზე აუხსნათ, განუმარტოთ, რა საფრთხე ემუქრება მას, რა დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს ხელებისა და ფრჩხილების სიბინძურემ.

კომპ-სტრატეგია
რაც არ უნდა ბევრი ვისაუბროთ ტანადობის დარღვევებსა და ხერხემლის სხვა პრობლემებზე, კომპიუტერთან დიდხანს ჯდომა უპირველეს ყოვლისა მაინც მხედველობას ვნებს. ამ დროს ბავშვს სტკივდება თავი, აწუხებს თავბრუხვევა, საბოლოოდ კი მხედველობა უქვეითდება –ახლომხედველი ხდება.
მხედველობას მხოლოდ კომპიუტერის ეკრანის ცქერა არ ვნებს – ახლომხედველობის ჩამოყალიბებაში უფრო მეტი ბრალი მიუძღვით ტელევიზორს, სიბნელეში კითხვასა და მემკვიდრეობას (დედის ან მამის ახლომხედველობას).
მხედველობისთვის ნაკლებად საზიანოა კომპიუტერში ფერადი სურათების თვალიერება, რომელსაც დიქტორის ტექსტი ახლავს თან (ეს უკანასკნელი მხედველობის განტვირთვას უწყობს ხელს). თვალს ღლის კომპიუტერზე ხატვა, თამაში – ამ დროს მხედველობა ზედმეტად იძაბება. განსაკუთრებით საზიანოა ინტერნეტი, სადაც ბავშვს სურათების თვალიერებასთან ერთად ტექსტის კითხვაც უხდება.
მხედველობა რომ დავზოგოთ, საჭიროა:
.  ბავშვს თანამედროვე ტიპის მონიტორიანი კომპიუტერი შევურჩიოთ;
. მანძილი ბავშვის თვალებიდან დისპლეიმდე 45-60 სმ მაინც იყოს;
. შევზღუდოთ კომპიუტერული თამაშებისა და ინტერნეტში “მოგზაურობის” დრო;
. ბგერითი გამოსახულებაც ახლდეს თან.
კომპიუტერთან ჯდომისას ბავშვი შებოჭილია: ის იძულებულია, უცქიროს ეკრანს და ამავე დროს ხელები განსაზღვრულ მდგომარეობაში დაიკავოს.
იმისთვის, რომ ძვალსახსროვან სისტემაზე დატვირთვა შევამციროთ, საჭიროა, სწორად შევარჩიოთ ავეჯი. მოზარდი გორგოლაჭებიან, მოძრავსაზურგიან სკამზე დავასკუპოთ – ასე ის კომფორტულად მოერგება სამუშაო (ან სულაც გასართობ) ადგილს. კომპიუტერის მაგიდას გამოსაწევი დაფა უნდა ჰქონდეს, რომელზეც კლავიატურას მოვათავსებთ. წერისთვის, ხატვისთვის და სათამაშოდ ბავშვს მაღალი მაგიდა ესაჭიროება, ხოლო საბეჭდად – 7-10 სმ-ით დაბალი. გამოსაწევდაფიანი მაგიდა სწორედ ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ამავდროულად მოძრავი კლავიატურა მოზარდს საშუალებას აძლევს, სურვილისამებრ იცვალოს პოზა და არ დაიღალოს.

შაკო ჭაბაშვილი

Leave a Reply