რეალობა და არჩევნები

ცხოვრება ასეა მოწყობილი – ყველა კმაყოფილი ვერ იქნება. უკამაყოფილონი კი თავიანთ პოზიციებს სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ . შეიძლება ეს იყოს სამოქალაქო დაუმორჩილებლობა, მიტინგები და კიდევ ბევრი რამ. მაგრამ კაცობრიობა უკვე დიდი ხანია თანხმდება, რომ ყველაზე ცივილური გზა საკუთარი პოზიციის გამოსახატავად არჩევნებია.

თუმცა, დღევანდელ რეალობაში გაჩნდა ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა – რა უფრო მოგვწონს ქართულ საზოგადოებას, არჩევნებზე ერთი დღით წასვლა და მშვიდობიანად პოზიციის გამოხატვა, თუ ემოციური სიტყვა ,,წადი, წადი’’, რომელიც მთქმელსაც და გამგონესაც უფრო მეტის სურვილს უჩენს. მთქმელს – რომ თავისი აუცილებლად გაიტანოს, გამგონეს კიდეც ჯინს – რატომ უნდა წავიდეს, ვინმეს ნათქვამ ,,წადიზე’’.

რეალობაა გვაქვს ასეთი ფაქტების მიმართ ფრაგმენტული დამოკიდებულება და ცხოვრება- არჩევნებიდან -არჩევნებამდე.

მე რამდენიმე ძალიან ცნობილ და ცხოვრებისეულ ფრაგმენტს მოვიყვან, რომელიც უკვე იმდენჯერ განმეორდა, რომ საშინლადაც გაიცვითა.

ფრაგმენტი პირველი

–გადადექი, გადადექი!!!

–ვითხოვთ, დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები!–წადი, წადი!!!

–ნეტა დანიშნავენ არჩევნებს?

–არ ვიცი, არა მგონია, მაგრამ ცდა არ უნდა დავაკლოთ. ღმერთი შეგვეწევა.

–იმედია, იმედია…

ფრაგმენტი მეორე

–ყურადღება ეთერშია საინფორმაციო გადაცემის სპეციალური გამოშვება

–მომსმენინე ბიჭო, გააჩუმე ეგ მუსიკა …

–მთავრობა ითვალისწინებს ხალხის მოთხოვნებს და ვადამდელ არჩევნებს ნიშნავს.

–აააა, წავიდნენ დათმობაზე?

– რად გინდა მაინც გააყალბებენ და… მაგრამ მაგათ გაყალბებაც ვერ უშველის.

ფრაგმენტი მესამე

ყველას ერთდროულად ახსენდება ხალხი, მათი პრობლემები, სოციალურად დაუცველი ოჯახები, მზრუნველობა მოკლებული ბავშვები. არის დაპირებებისა და სიბრალულით თვალზე მომდგარი ცრემლების ზღვა…

-ჩვენ მოვალთ და… ან – ჩვენ ვიცით, რა გჭირდებოათ… ან …ერთი სიტყვით უამრავი ან, ან, ან

ფრაგმენტი მეოთხე -არჩევნებისდღე

–დღეს დიდი დღეა, დიდი!

–ხოო, საყვარელო, დღეს ხომ არჩევნებია,

–რა არჩევნები, ძვირფასო, უჩემოდაც გადაწყვეტენ ყველაფერს, დღეს ხომ დიდი ფეხბურთია მთელი დღე მაგისთვის უნდა მოვემზადო.

*****

–გურამ გურამ!!!

–ვააა, გაუმაჯოს როგორხარ?

–ძალიან კარგად, წამო არჩევნებზე მივდივარ და ერთად წავიდეთ

–არააა, იცი მე დღეს ვერ წავალ არჩევნებზე, შეუძლოდ ვგრძნობ თავს.

–ააა ერთი კვირის წინ ისე გაიძახოდი მიტინგზე მეგონა პირველი შენ გაიქცეოდი არჩევნებზე

–ხო, მაგრამ შეუძლოდ ვარ და თან ჩემი ხმა მნიშვნელოვანს არაფერს გადაწყვეტს.

*****

ქართული საზოგადოების საზოგადო სენია – როცა სასურველ მიზანს მიაღწევს, ბოლოს ერთი პატარა ნაბიჯის გადადგმა უჭირთ, ან ეზარებათ, ან აღარ ედარდებათ. ან რა ვიცი, კიდევ რამდენი ან.

ბოლო ფრაგმენტი

– ოპოზიციას ხელისუფლებაში მოსასვლელად მხოლოდ ერთი ხმა დააკლდა.

ხმა კი, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში სატელევიზიო ეთერში დაჟინებით მოგვიწოდებდა, ,, ნუ დარჩები სახლში, შენი ბედი შენს ხელშიაო’’ დარჩა ხმად მღაღადებლისა, უდაბნოსა შინა.

მოდით, ყველამ ერთად გადავტვირთოთ ეს ფრაგმენტები!  

ზაზა ზანგურაშვილი

zanguraz.wordpress.com

Leave a Reply