ექიმი, რომელმაც სპეცსამსახურები ბინ-ლადენის კვალზე გაიყვანა ციხეში ჩასვეს

პაკისტანელი ექიმი შაკილ აფრიდი, რომლის წყალობითაც ამერიკულმა სპეცსამსახურებმა ოსამა ბინ-ლადენს მიაგნეს, ციხეში 33 წლით ჩასვეს. აფრიდი სამშობლოს ღალატისთვის გაასამართლეს. ამის შესახებ „ასოშეითედ პრესი“ წერს. განაჩენი პაკისტანის პროვინცია ჰაიბერ-პახტუნხვას სასამართლომ გამოიტანა. ასევე, აფრიდს 3500 დოლარის ჯარიმის გადახდა დააკისრეს. აფრიდს განაჩენის გასაჩივრების უფლება აქვს. შაკილ აფრიდი ბინ-ლადენის ლიკვიდაციიდან რამდენიმე ხანში, 2011 წლის მაისში დააკავეს. აფრიდის საშუალებით ამერიკულმა სპეცსამსახურმა გაიგო იმ პირის ტელეფონის ნომერი, ვის სახლშიც ბინ ლადენი იმალებოდა. აფრიდმა აბუ აჰმედ ალ-კუვეიტის ნომერი სპეციალურად დადგმული ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში გაიგო. ექიმი უშუალოდ იმისთვის გაასამართლეს, რომ ის ვაქცინაციას აშშ-ის სპეცოპერაციის ფარგლებში ატარებდა, ანუ პაკისტანის სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდა. აშშ აფრიდის დაკავებას შეცდომად აფასებს. აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლეონ პანეტამ განაცხადა, რომ ექიმის საქციელი სახელმწიფოს ღალატად არ უნდა ჩაითვალოს. ისლამაბადი უკიდურესად ნეგატიურად უყურებს იმას, რომ აშშ-მა ბინ-ლადენის ლიკვიდაციის სპეცოპერაცია ისე ჩაატარა, რომ პაკისტანის ხელისუფლება საქმის კურსში არ ჩააყენა. ამის გამო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა გასული ერთი წლის მანძილზე მნიშვნელოვნად გაუარესდა.

(  გამოყენებული წყარო : PRESA.GE)

Leave a Reply