გრიპი – სეზონური საფრთხე

Gripi-dhe-të-ftohurit-300x300დადგა ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციების სეზონი. მართალია, ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გრიპის ეპიდემია საქართველოს მოსახლეობას არ ემუქრება, მაგრამ სიფრთხილე არ გვაწყენს.
ორგანიზმში გრიპის ვირუსის მოხვედრიდან 1-2 დღეში (ზოგჯერ – 5 დღის შემდეგ) სიმპტომებიც ვლინდება. ეს ვირუსული ინფექცია ზოგ ადამიანში მსუბუქად მიმდინარეობს, ზოგს კი მძიმე ფორმით დაატყდება თავს. დაავადების სიმძიმე დამოკიდებულია ინფიცირებულის ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე, ასაკზე, ადრე გადატანილ გრიპის ინფექციაზე და ა.შ.

გრიპის სიმპტომებია:
*მაღალი ტემპერატურა (მძიმე ფორმის დროს – 40-40,5 გრადუსს აღწევს);

*ინტოქსიკაცია – ჭარბი ოფლიანობა, სისუსტე, სინათლის შიში, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, თავის ტკივილი;

*კატარული მოვლენები – რბილი სასისა და ხახის უკანა კედლის სიწითლე, სკლერების ჰიპერემია (სიწითლე);

*რესპირატორული სიმპტომები – ტრაქეისა და ხორხის დაზიანება, ხმის შეცვლა, მშრალი, მტკივნეული ხველა, გულმკერდის არეში ტკივილი, სურდო, ცხვირისა და ხახის ლორწოვანი გარსის ჰიპერემია, ციანოზი (მოლურჯო ელფერი) და სიმშრალე;

*ფილტვების სეგმენტური დაზიანების სინდრომი – ფილტვ-გულისმიერი უკმარისობა, რომელიც გრიპის გავლასთან ერთად უკვალოდ ქრება;

*აბდომინალური სინდრომი (მუცლის ტკივილი, ფაღარათი).
თუ გრიპი გართულების გარეშე მიმდინარეობს, ცხელება 2-3 დღეში გაივლის და 5-10 დღეში სრული გამოჯანმრთელებით მთავრდება.
გრიპის პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე უნდა მიმართოთ შემდეგ ზომებს:

*ექიმის გამოძახება!
ეს უმნიშვნელოვანესია – მხოლოდ ასე ავიცილებთ თავიდან გართულებას.
წოლითი რეჟიმი!
ვირუსი ანგრევს იმუნიტეტს და დასუსტებული ორგანიზმი სრულიად დაუცველი რჩება ნებისმიერი ინფექციისგან. სწორედ ამ დაავადების მიმართ ზერელე დამოკიდებულების შედეგია საკმაოდ ხშირი გართულებები და ლეტალური შედეგი. ამიტომ, რაოდენ მნიშვნელოვანი საქმეც უნდა გქონდეთ, მინიმუმ 3 დღე საწოლში უნდა გაატაროთ!

*სითხის მიღება!
აუცილებელია დიდი რაოდენობით სითხის მიღება (ცხელი ჩაი, კომპოტი, “ბორჯომი” რძით).
ტემპერატურის 38-ზე მაღლა აწევის შემთხვევაში საჭიროა სიცხის დამწევი საშუალებების მიღება (პარაცეტამოლი, პანადოლი, კოლდრექსი და სხვა).

*ცხვირის გაჭედვის შემთხვევაში საჭიროა ადგილობრივი სისხლძარღვების შემავიწროებელი, ცხვირის წვეთების გამოყენება, მაგრამ – არა უმეტეს 4-5 დღისა.

*რეკომენდებულია მუკალტინი, ძირტკბილას ფესვები, ალთეს სიროფი და სხვა საშუალება ნახველის გასათხელებლად და ადვილად ამოსახველებლად.
ყურადღება!!!
ხველების საწინააღმდეგო ბევრი პრეპარატის მიღება ექიმის უნებართვოდ დაუშვებელია! თვითმკურნალობისას ექიმის გარეშე დასაშვებია მხოლოდ ამოსახველებელი საშუალებების მიღება. ეს ის პრეპარატებია, რომლებიც ათხელებს ნახველს და აიოლებს ბრონქებიდან მის გამოყოფას. რაც შეეხება უშუალოდ ხველის სინდრომის მოსახსნელ პრეპარატებს, ისინი აუცილებლად ექიმმა უნდა დანიშნოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მშრალი ხველა თენთავს და ბალიშზე თავის დადების საშუალებას არ აძლევს ავადმყოფს.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ამოსახველებელი და ხველების საწინააღმდეგო პრეპარატების ერთდროული მიღებისას – არასწორი დანიშნულების შემთხვევაში შესაძლოა, ნახველი ბრონქებში დაგროვდეს და დიდხანს არ გამოიდევნოს, ეს კი ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს აყენებს.

*დაავადების პირველ დღეებში რეკომენდებულია გვირილის, ყვითელგულას, პიტნის, სალბის ან კრაზანას ნაყენის ორთქლით ინჰალაცია;
ყურადღება!!!
სამკურნალო მცენარეები ყველასთვის როდი შეიძლება!
ერთი შეხედვით უვნებელი მცენარეებით თვითმკურნალობაც შესაძლოა, მავნე აღმოჩნდეს. მაგალითად:

* ალოეს წვენი აკრძალულია თირკმლებისა და შარდის ბუშტის ანთებითი დაავადებების, ბუასილის, ორსულობისა და ქალური სისხლდენის დროს;

* შავნაყოფა ცირცელის მიღება არ შეიძლება არტერიული წნევის დაქვეითების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების შემთხვევაში;

* მცირე რაოდენობით უნდა მოვიხმაროთ კრაზანას ნაყენი, რადგან ეს მცენარე შეიცავს შხამებს, რომელთა დიდი ოდენობა ორგანიზმისთვის მავნებელია.

* აუცილებელია ჩ ვიტამინი და პოლივიტამინები – ეს საშუალებები ამაღლებს ინფექციების მიმართ ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს. დიდი რაოდენობით ჩ ვიტამინს შეიცავს: კომბოსტოს მწნილი, ლიმონი, კივი, ფორთოხალი, გრეიპფრუტი, მანდარინი.

*რეკომენდებულია ანტიჰისტამინური პრეპარატები (ტავეგილი, სუპრასტინი ან სხვა ანტიალერგიული საშუალება);

*დაავადების პირველ დღეებში რეკომენდებულია ნატურალური პრეპარატები, რომლებიც ხელს უწყობს იმუნიტეტის შენარჩუნებას (ინტერფერონი, აფლუბინი).

დაიცავით ჰიგიენა!
– ავადმყოფის მიერ გამოყენებული ჭურჭელი უნდა დაიმდუღროს, სასურველია თეთრეული გამოვცვლოთ 3 დღეში ერთხელ, ხოლო პირსახოცი – ყოველდღე. თეთრეული უნდა გაირეცხოს ცალკე, სარეცხ მანქანაში, მდუღარე წყლის რეჟიმით. ხელით რეცხვის შემთხვევაში გამოიყენეთ სადეზინფექციო საშუალება. ავადმყოფის მიერ გამოყენებული ერთჯერადი ცხვირსახოცები უნდა შეფუთოთ პოლიეთილენის პარკში და ისე გადაყაროთ.

გრიპის დროს გაცივების თავიდან ასაცილებლად ბევრი უარს ამბობს შხაპსა და აბაზანაზე. არადა, ვირუსების აქტიური ცხოველმოქმედებისას ორგანიზმში აუარებელი ტოქსინი გროვდება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი კანის მეშვეობითაც გამოიყოფა. თუ ისინი კანიდან დროულად არ მოვიცილეთ, ორგანიზმის გაწმენდა და შესაბამისად, მისი გამოჯანმრთელება გაჭიანურდება.
ასე რომ, დაბანა აუცილებელია, ოღონდ – ფრთხილად (მაღალი სიცხის დროს – არა), რათა სააბაზანოდან გამოსვლის შემდეგ ხელახლა არ გაცივდეთ.
ხშირად გაანიავეთ ოთახი!

ავადმყოფი განუწყვეტლივ გამოყოფს ვირუსებს, რომლებიც გაუნიავებელ ოთახში გროვდება. ამიტომ, რაც შეიძლება ფართოდ გააღეთ ფანჯარა, ოთახში სუფთა ჰაერი და მზის სხივები შემოუშვით – მზის პირდაპირი და არეკლილი სხივები იოლად ანადგურებს ვირუსებს.
სითბოს მოყვარული ვირუსებისთვის ტემპერატურის ცვალებადობა და სიცივე დამღუპველია, რაც თქვენს გამოჯანმრთელებასაც დააჩქარებს.

*ანტიბიოტიკებით მკურნალობა დასაშვებია მხოლოდ ექიმის ნებართვით. მათი უკონტროლოდ მიღება მხოლოდ და მხოლოდ დაასუსტებს ორგანიზმს და ხელს შეუშლის ვირუსებთან ბრძოლას. გარდა ამისა, ეს პრეპარატები ანადგურებს ნაწლავის სასარგებლო მიკროორგანიზმებს, რომლებიც სხვა ფუნქციებთან ერთად, იმუნიტეტის ჩამოყალიბებაშიც მონაწილეობს, ამიტომ მათი მიღებისას, ნაწლავის მიკროფლორის აღმდგენი საშუალებების სმაც აუცილებელია.

* როგორც ნებისმიერი ინფექციური დაავადების, ასევე გრიპის დროს უნდა იხელმძღვანელოთ შემდეგი წესით: თუ 3 დღეში ტემპერატურა ნორმას არ დაუბრუნდა, უნდა იეჭვოთ გართულებებზე (პნევმონია, პიელონეფრიტი, ჰაიმორიტი) და ხელახლა მიმართოთ ექიმს.
გრიპის პროფილაქტიკა

ნებისმიერი დაავადების პროფილაქტიკა უფრო ადვილია, ვიდრე მისი მკურნალობა. იგივე კანონი ვრცელდება გრიპზეც. ამიტომ, შევეხებით იმ აუცილებელ ღონისძიებებს, რომლებიც გრიპის თავიდან აცილების ან მის იოლ ფორმებში გადატანის მიზნით უნდა ჩატარდეს.
გაითვალისწინეთ, რომ ორსულებს, მოხუცებსა და ბავშვებს იმუნური სისტემა შედარებით სუსტი აქვთ, ამიტომ ისინი ყველაზე უმწეონი არიან და გრიპის ვირუსი მათთვის განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს. ასე რომ, მეტი გულისყურით მოეკიდეთ გრიპის პროფილაქტიკას.

*გრიპის პროფილაქტიკის ძირითადი მეთოდია – გრიპის საწინააღმდეგო აცრა. მაგრამ იმუნიტეტის ჩამოყალიბებას აცრიდან დაახლოებით 3 კვირა სჭირდება და ეს იმუნიტეტი 6 თვე ნარჩუნდება (შემდეგ კლებულობს).

* ადამიანებთან ურთიერთობისას დაიცავით ერთმეტრიანი დისტანცია – გრიპი აირ-წვეთოვანი გზით გადამდები ინფექციაა. დაავადებული ადამიანი დაცემინების ან დახველების დროს ჰაერში გამოტყორცნის ცხვირის ან პირის ღრუს სეკრეტის თვალით უხილავ წვეთებს, რომლებიც ვირუსს შეიცავს. ეს წვეთები ერთი მეტრის გავლის შემდეგ დალექვას იწყებს და საფრთხეს აღარ წარმოადგენს.
ნუ გადაკოცნით ახლობლებს, ნაცნობებს, რადგან პირისა და ცხვირის ღრუ (როგორც ჩვენი, ასევე მათი) შეიძლება შეიცავდეს გრიპის ვირუსს, რომელიც პირდაპირი კონტაქტისას გადაეცემა მას, ვისაც ჰკოცნით.

* გრიპის პროფილაქტიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ხელმისაწვდომი საშუალებაა მარლის პირბადე (ნიღაბი). დაიცავით პირბადის მოხმარების წესები:
პირბადე მთლიანად უნდა ფარავდეს ცხვირსა და პირს; ის პირბადეში ჩაყოლებული სპეციალური სამაგრით უნდა მოირგოთ ცხვირზე.
პირბადე ორ საათში ერთხელ უნდა გამოიცვალოთ. დაუშვებელია ერთჯერადი პირბადის მეორედ გამოყენება. თუ ერთჯერადი პირბადე არ გაქვთ, შეიძლება, ოთხფა დოლბანდისგან დამზადებული პირბადის გამოყენება, რომელიც ასევე ორ საათში ერთხელ უნდა გამოიცვალოთ, გაიკეთოთ ახალი, ხოლო გამოყენებული გარეცხოთ და დეზინფექციისთვის ცხელი უთოთი გააუთოოთ.

* ერიდეთ ხელის ჩამორთმევას – თუ ავადმყოფმა დაცემინების, ხველის, ლაპარაკის დროს პირზე ხელი აიფარა, მასზე შეიძლება დაილექოს ვირუსი, ხელის ჩამორთმევისას კი მეორე ადამიანის ხელზე გადაინაცვლოს. იგივე ხდება ამა თუ იმ საგნის ზედაპირთან შეხებისას. ორივე შემთხვევაში ადამიანი ხდება ვირუსის მატარებელი, რომელიც 2-8 საათის განმავლობაში ირგვლივ მყოფთათვის საფრთხეს წარმოადგენს.

* ხშირად დაიბანეთ ხელები. ამგვარად მოიცილებთ გარემოსთან კონტაქტისას ხელებზე მოხვედრილ გრიპის ვირუსს. თან ატარეთ სადეზინფექციო სველი ხელსახოცი ან სპეციალური სითხე. ხელსახოციც და სითხეც გამოგადგებათ იმ შემთხვევაში, როცა ვერ ახერხებთ ხელების წყლით დაბანას.

* ხველისა და ცემინების დროს ცხვირ-პირზე აიფარეთ არა ხელი, არამედ ქაღალდის ცხვირსახოცი, რათა ჰაერში ვირუსების გამოფრქვევა არ მოხდეს.
რჩევები ხალხური
მედიცინიდან

გრიპით ავადობის დროს:
ძალიან ეფექტურია ფეხების აბაზანა. 5-10 წუთით ფეხები ჩააწყვეთ მდოგვიან ცხელ წყალში და ამის შემდეგ ტერფები დაიზილეთ რომელიმე გამახურებელი კრემით.

*ექიმის მიერ დანიშნულ წამლებთან ერთად შეიძლება, არამედიკამენტური საშუალებების გამოყენებაც – მაგალითად, ასკილის ნაყენის, ლიმონიანი, თაფლიანი და ჟოლოიანი ჩაის.

ძალზე სასარგებლოა გრიპის საწინააღმდეგო სხვადასხვა ჩაი. მაგალითად: აიღეთ თანაბარი რაოდენობის ცაცხვის ყვავილი, კრაზანას ყვავილები, სამკურნალო გვირილის ყვავილები და კარგად დაქუცმაცებული ასკილის ნაყოფი; ნარევს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, თბილად შეფუთეთ, 20 წუთის შემდეგ კი ნაყენი ცეცხლზე შემოდგით, 5 წუთი თავდახურული ადუღეთ ნელ ცეცხლზე, მერე გადმოდგით და კვლავ თბილად შეფუთეთ, 1 საათის შემდეგ – გაწურეთ. გრიპის ეპიდემიის დროს ასეთი ჩაი დღეში 2-ჯერ, ჭამის შემდეგ უნდა მიირთვათ 0,5 ჭიქის რაოდენობით; კარგი იქნება, თუ ცოტა თაფლსაც დაუმატებთ. შეგიძლიათ, გრიპის საწინააღმდეგო ჩაისთვის ტირიფის ხის ქერქი, გვირილის, ცაცხვის ყვავილები და ასკილის ნაყოფი გამოიყენოთ. 1 ჩ/კ ამ ნარევს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, 10 წუთის შემდეგ გაფილტრეთ, გაწურეთ და თბილი, დღეში 3-ჯერ 1/3 ჭიქა ჭამამდე 15 წუთით ადრე მიიღეთ.

სასარგებლოა ჟოლოს ნაყოფი და ცაცხვის ყვავილი. თანაბარი რაოდენობით აურიეთ ისინი; ერთ ს/კ ნარევს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, 30 წუთი გააჩერეთ, მერე კი მიირთვით თითო ჭიქა ცხელი ნაყენი დღეში 2-3-ჯერ.

*გრიპის დროს სასარგებლოა სოჭის ზეთის დალევა, გულმკერდის, ზურგის არეში შეზელა და ამ ზეთით ტერფების მასაჟი დღეში 4-5-ჯერ. ყოველი პროცედურის შემდეგ ტერფები შეიხვიეთ პოლიეთილენით, ჩაიცვით წინდები, დაიფარეთ თბილი გადასაფარებელი და დალიეთ ნაყენი, რომელსაც ოფლმდენი მოქმედება აქვს (მაგალითად, ჩაი ჟოლოს მურაბით). ინჰალაციის მიზნით, მომინანქრებულ ქვაბში ჩასხმულ მდუღარე წყალს დაამატეთ 3-4 წევთი სოჭის ზეთი და გაიკეთეთ ინჰალაცია. სურდოს დროს შეგიძლიათ, თითო წვეთი ზეთი ჩაიწვეთოთ თითოეულ ნესტოში. სოჭის ზეთი ხველის შეტევასაც ხსნის. ამ მიზნით დილა-საღამოს ენაზე დაიწვეთეთ 3-5 წვეთი სოჭის ზეთი.

*ძლიერი ხველის დროს ეფექტიანია შემდეგი საშუალება: დაჭერით თხელ ნაჭრებად უმი ბოლოკი, მოაყარეთ შაქრის ფხვნილი, მიიღებთ ტკბილ წვენს. საათში ერთხელ დალიეთ 1 ს/კ წვენი. ან გახეხეთ ბოლოკი, ჩაყარეთ დოლბანდში, გამოწურეთ წვენი, დაამატეთ თაფლი და დილა-საღამოს (ძილის წინ) დალიეთ 2-2 ს/კ.

პროფილაქტიკის მიზნით:
* *გრიპის სეზონის წინ, პროფილაქტიკის მიზნით, შეიძლება ყოველდღიურად 2-3 კბილი ნივრის მიღება. პირის ღრუს ბაქტერიებისა და ვირუსისგან მთლიანად გასათავისუფლებლად საკმარისია ნივრის რამდენიმე წუთი ღეჭვა. ასეთივე ეფექტი აქვს ხახვს.

* *ეფექტიანია პროპორციით 1X1, გახეხილი ნივრისა და თაფლის ნარევი. უნდა მიიღოთ ღამით, 1 ს/კ და დააყოლოთ ცხელი წყალი.

* *ეპიდემიის დროს სასარგებლოა ევკალიპტის ნაყენიც (20 გ გამხმარ, დაქუცმაცებულ ევკალიპტის ფოთოლს უნდა დაასხათ 100 მლ სპირტი, მჭიდროდ მოხუფოთ, გააჩეროთ 10 დღე, მერე კი გაწუროთ. ნაყენი დღეში 3-ჯერ, წყალთან ერთად, 25-25 წვეთის ოდენობით უნდა მიიღოთ) და კოთხუჯის ფესვის ღეჭვაც.

* ეფექტიანი პროფილაქტიკური საშუალებაა ჩვეულებრივი ვაშლი: მის შემადგენლობაში შემავალი მიკროელემენტები და ვიტამინები ხელს უშლის გრიპის ვირუსის გავრცელებას. შემჩნეულია, რომ ადამიანებში, რომლებიც დღეში 2-3 ვაშლს ჭამენ, გრიპით დაავადების ალბათობა 3-ჯერ მცირდება.

* *ეფექტიანია პროპოლისის პატარა ნაჭრის პირში გაჩერება. პროპოლისი არც უნდა დაღეჭოთ და არც წუწნოთ, უბრალოდ უნდა გაიჩეროთ პირში მაქსიმალურად დიდხანს.

Leave a Reply