sig2

რით შეიძლება სიგარეტის ჩანაცვლება?

sig2კვლევებმა ცხადყო, რომ თამბაქოს მიმართ ინტერესი 12-14 წლის ასაკში იწყება და თუ მწეველთა გარემოცვაში იზრდება ბავშვი, მწევლად ჩამოყალიბებაც გაცილებით იოლდება. მიზეზები, თუ რატომ ინტერესდებიან ადამიანები თამბაქოთი, ძალზე ბევრია. სამაგიეროდ, მისგან თავის დაღწევის გზები არცთუ ისე მრავალფეროვანია. როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები ამბობენ, თამბაქოს გადაგდება შეუძლებელი არ არის, მთავარია მონდომება.
პირველად უნდა დაეკითხოს მწეველი საკუთარ თავს, რამდენად სერიოზულია მისი გადაწყვეტლება, რამ აიძულა, თავი დაანებოს თამბაქოს. იქნებ მან, რომ ჯანმრთელობა შეერყა და სირბილის დროს ქოშინი ახრჩობს ან უჭირს კიბეზე ასვლა? საკუთარი თავის შემოწმება სულ უბრალოდ შეიძლება – ოცი სანტიმეტრის მანძილიდან თუ ვეღარ აქრობს მწეველი ანთებულ სანთელს, ის დაავადებულა ფილტვების ემფიზემით. ასეთ შემთხვევაში ერთი გამოსავალი არსებობს – ან დაუყოვნებლივ უნდა იქნეს თავი დანებებული მოწევისგან, ან დაემშვიდობოს მწეველი სიცოცხლეს.
არც ის იქნება ურიგო, მწეველმა შემდეგი შეკითხვა დაუსვას საკუთარ თავს – რატომ ეწევა საერთოდ? ამაზე დაფიქრება აუცილებელია, რადგან პასუხის გააზრება სულ ცოტა, 8 წლით გაახანგრძლივებს მწეველის სიცოცხლეს.
სპეციალისტები ამბობენ, რომ თუ ადამიანი ეწევა მძაფრი ტკბობის მისაღებად, სჯობს სიგარეტი მუსიკით შეცვალოს. თუ ცხოვრებისეული განცდებითა და სიძნელეებით გამოწვეული შიშის დასაძლევად ეწევა ადამიანი, ასევე უკეთესია, კარგად გაერკვეს საკუთარ პრობლემებში, გაბედული და ნათელი გადაწყვეტილება მიიღოს, რაც თამბაქოს ტყვეობიდან გათავისუფლებასაც ხელს შეუწყობს.
თუ ადამიანს საკუთარ თავში რწმენა აკლია და თამბაქოს ბოლი “საყრდენად” სჭირდება, უმჯობესია რწმენა განიმტკიცოს. კარგია ისეთი პარტნიორის მოძებნა, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს თავი დაანებოს სიგარეტს – ურთიერთმხარდაჭერა მნიშვნელოვანი ფაქტორია ნებისმიერი პრობლემის მოსაგვარებლად. თუ მწეველს გამოუვიდა ის, რომ უარი თქვა თამბაქოზე საუზმის შემდეგ, წარმატება ძალას შეჰმატებს და იგივეს გამეორება გაცილებით იოლი იქნება სადილისა და ვახშმის შემდეგ.
არ არის სასურველი თამბაქოს მოწევა მაშინ, როცა მიირთმევთ ჩაის, ყავას, უყურებთ ტელევზორს. თუ თამბაქოსგან გათავისუფლებას მოისურვებს ადამიანი, აუცილებელია სამუშაო ადგილიდან მოაცილოს ყოველივე, რაც თამბაქოს აგონებს – საფერფლე, სანთებელა, ასანთი… ყველას უნდა აუკრძალოს მისი თანდასწრებით მოწევა მიუხედავად ასაკისა, საზოგადოებრივი მდგომარეობისა. არ უნდა მოსწიოთ სიგარეტი უკანასკნელ სანტიმეტრამდე და გადააგდოთ სანახევროდ დამწვარი სიგარეტი. თუ ორგანიზმი სიგარეტს თხოვს, შესაძლებელია მისი ჩანაცვლება გამაგრილებელი სასმელით, ჩურჩხელით, საღეჭი რეზინით. არამც და არამც ალკოჰოლური სასმელით, რადგან ისინი ამძაფრებენ ლტოლვას სიგარეტისადმი. სიგარეტზე ორგანიზმის მწვავე მოთხოვნილების შემთხვევაში კარგია სუფთა ჰაერზე გასვლა ან ღია ფანჯარასთან ყოფნა. სხვათა შორის, საწყის ეტაპზე მიღწეული წარმატების შენარჩუნება ორი ფსიქოლოგიური ხერხით არის შესაძალებელი: ორგანიზმის ყოველი ახალი შემოტევა სიგარეტზე უნდა დაიკმაყოფილოთ კანფეტით, საღეჭი რეზინით თუ არახისით; მეორე – საჭიროა საკუთარი თავის დასაჩუქრება ყოველი წარმატებული ნაბიჯისათვის, ანუ უნდა ისიამოვნოთ იმით, რის უფლებაც ადრე არ გქონდათ.

Leave a Reply