nevrozi2

რა იწვევს ნევროზს?

ნევროზი არის ფსიქიური აშლილობის სახე, რომელსაც იწვევს კონკრეტული პიროვნებისათვის მნიშვნელოვანი ერთჯერადი ფსიქოლოგიური ტრავმა, სტრესი, ან ქრონიკულად არსებული კონფლიქტური სიტუაცია. ნევროზი არის პიროვნების რეაქცია რთულ, ხშირად ამ პიროვნებისათვის გამოუვალ სიტუაციაზე. საზოგადოდ, ნევროზის ჩამოყალიბებას საფუძვლად უდევს პიროვნების გარკვეული ე.წ. “ნევროტიული” დამოკიდებულება კონკრეტული გარემო პირობებისადმი, ანუ იმგვარი დამოკიდებულება, რომელიც ამ სიტუაციის “რაციონალურ” გადაწყვეტას შეუძლებელს ხდის. ანუ ნევროზის მიზეზია არა თავად ნეგატიური გარემო პირობები (სტრესი, კონფლიქტი, არასასურველი მოვლენები და სხვ), არამედ პიროვნების დამოკიდებულების თავისებურება მოცემული გარემო პირობების მიმართ. ნევროზის წარმოშობას ხელს უწყობს გარკვეული სოციალური ფაქტორები, მაგალითად, პროფესიული მოღვაწეობის თავისებურებები (მაგ.: ინფორმაციული გადატვირთვა, ერთფეროვანი სამუშაო, არასაკმარისი შემოსავალი), ოჯახური პრობლემები, არადამაკმაყოფილებელი საყოფაცხოვრებო პირობები,და სხვ.
როგორ ვლინდება თავიდან ნევროზი , რა სიმპტომები ახასიათებს მას?

ნევროზის გამოვლინებები სხვადასხვაგვარია. საწყის ეტაპზე ადამიანი შეიძლება უჩიოდეს უხასიათობას, გულჩვილობას, ძილის დარღვევას, მაგალითად, ჩაძინების გაძნელებას, ან უჩვეულოდ ადრე გაღვიძებას, უმადობას, ან, პირიქით, ე.წ. ბულიმიას (გადაჭარბებულ ჭამას), ადვილად დაღლას, ადვილად გაღიზიანებადობას (როდესაც “ყველაფერი ნერვებს უშლის”), ღელვას თითქოსდა უმნიშვნელო პრობლემების გამო, შიშს, “რომ რაიმე ცუდი მოხდება”, გულის აჩქარების შეგრძნებას, ჰაერის უკმარისობის შეგრძნებას, თავის ტკივილს, ყელში “ბურთის გაჩხერვის” შეგრძნებას, საჭმლის მომნელებელი ორგანოების მხრიდან დარღვევებს – ყაბზობას, მეტეორიზმს და სხვ. აღნიშნული, ან სხვა სიმპტომების არსებობისას ადამიანმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.
რამდენად საშიში დაავადებაა ნევროზი და სადამდე შეიძლება მიიყვანოს ადამიანი?

მიუხედავად იმისა, რომ ნევროზი ფსიქოლოგიური სფეროს აშლილობათა რიცხვს მიეკუთვნება, იგი სერიოზული დაავადებაა, რომელიც სწორ მკურნალობას საჭიროებს. სწორად წარმართული მკურნალობთ ნევროზი ხშირად სრულად იკურნება.

არასათანადო სამკურნალო მიდგომებისას კი ნევროზი ღრმავდება და სხვა გამოვლინებები ემატება. მაგალითად, პანიკური შეტევების მქონე ადამიანებს უყალიბდებათ ე.წ. აგორაფობია, ანუ ღია სივრცის შიში, შიში ისეთ ადგილას მოხვედრისა, სადავ “ცუდად რომ გახდეს, ვერავინ უშველის”, ან “ცუდად გახდომა სირცხვილი იქნება”. შედეგად ადამიანი ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლებად გამოვდეს ქუჩაში, უჭირს ტრანსპორტით (განსაკუთრებით მეტროთი) მგზავრობა, აცდენს სამსახურს და საბოლოო ჯამში შესაძლოა საერთოდ სახლში ჩაიკეტოს. ამასთანავე, ხშირად სახლში მარტო დარჩენისაც ეშინია, რადგან ”ცუდად გახდომისას ვერავინ დაეხმარება”. ამგვარად, ადამიანი, ფაქტობრივად, უუნარო, ე.წ. ინვალიდი ხდება, მიუხედავად იმისა, რომ ორგანული დაავადება არ აღენიშნება.

დეპრესიას კიდევ უფრო სავალალო შედეგები შეიძლება მოჰყვეს, რადგან დეპრესიისას ადამიანებს საკუთარი უსარგებლობის, დანაშაულის, სიცოცხლის უაზრობის გრძნობა აწუხებთ, რაც თვითმკვლელობაზე ფიქრის საბაბი ხდება და შესაძლოა ასეთმა პიროვნებამ თვითმკვლელობა ჩაიდინოს კიდეც.

სწორედ ამიტომ დეპრესიული და შფოთვითი აშლილობა გადაუდებელ ადექვატურ მკურნალობას საჭიროებს ფსიქიატრისა და ნევროლოგის მიერ.

Leave a Reply