გაუფრთხილებლობის შედეგი – საახალწლოდ, ფეიერვერკების აფეთქებით მიღებული დამწვრობა

b3640ea00f1661727919c57329bcaa91საახალწლოდ ბაზარი სხვადასხვა სახის პიროტექნიკის პროდუქციით არის გაჯერებული და ფაქტია, რომ მისი რეალიზაციის პროცესს არავინ აკონტროლებს. ფეიერვერკების გასროლა განსაკუთრებით პატარებს უხარიათ, მაგრამ ისინი ნაკლებად ფიქრობენ მოსალოდნელ საშიშროებაზე. არადა, ცხადია, საახალწლო მაშხალების, ამა თუ იმ “ასაფეთქებლის” არასწორმა გამოყენებამ შესაძლოა, ადამიანი სავალალო შედეგამდე მიიყვანოს.

წლების განმავლობაში ასეთი არაერთი მძიმე შემთხვევა ყოფილა. ამ მხრივ გამონაკლისი არც წლევანდელი ახალი წელი იყო. საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ “სასწრაფო დახმარების” ბრიგადები, სახანძრო სამსახურის თანამშრომლები და საავადმყოფოები. განსაკუთრებით მობილიზებული იყო დამწვრობის ცენტრი. როგორც გაირკვა, ყველაზე მეტი პაციენტი მათ დღესასწაულებზე ჰყავთ ხოლმე. ახალი წლის ღამეს, ბესიკ იაშვილის სახელობის დამწვრობის ცენტრს დახმარებისთვის 22-მა პაციენტმა მიმართა. რამდენიმე დაშავებული სხვა კლინიკებშიც მოათავსეს. 19 წლის ქობულეთელი გიგა ბოლქვაძე და მისი თანატოლი, ხელვაჩაურელი თეიმურაზ გოგიტიძე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მძიმე ტრავმებით მიიყვანეს. ორივეს პიროტექნიკა ხელში აუფეთქდა და თვალის არე დაუზიანა.

ექიმების თქმით, დაშავებულებმა მხედველობა ნაწილობრივ დაკარგეს, მაგრამ იმედოვნებენ, რომ მკურნალობის შედეგად, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდება.

31 დეკემბერს, ღამის 12 საათი სრულდებოდა, როცა 5 წლის სანდრო ქინქლაძეს მაშხალა ხელში აუფეთქდა და ახალი წლის ღამე მისმა ოჯახმაც დამწვრობის ცენტრში გაატარა. საბედნიეროდ, ბავშვს სერიოზული დაზიანება არ მიუღია და გვიან ღამით სახლში დაბრუნდა. სანდროს დედის, ნატო სალაყაიას თქმით, ყველაფერი წამებში მოხდა:

– საახალწლოდ, ბავშვისთვის, 2 ცალი “ასაფეთქებელი” ვიყიდე. მოცულობით არც ისე დიდი (4 სმ დიამეტრის მრგვალი ბურთულა) გახლდათ. 23 საათსა და 40 წუთზე ერთი ცალი ჩემმა მეუღლემ და ბავშვმა ერთად ააფეთქეს. როგორც ყველა ბავშვს, სანდროსაც უხაროდა და გადაწყვიტა, მეორე დამოუკიდებლად აეფეთქებინა. ოთახში ერთად კი ვიყავით, მაგრამ მე რაღაცას ვაკეთებდი, სანდრო კი ღია ფანჯარასთან იდგა. უცებ, ისეთი საშინელი გრუხუნი გაისმა, მეგონა, სახლი ჩამოგვენგრა თავზე-მეთქი. ძლიერმა დარტყმამ ბავშვი ფანჯრიდან გადააგდო… საშინელი წუთები იყო. ბავშვს წამებში ხელზე ჰემატომა განუვითარდა და დამწვრობაც მიიღო. თურმე, “ასაფეთქებელი” მარცხენა ხელში ეჭირა, ხოლო მარჯვენაში – ასანთი. მარცხენა ხელი ნეკა თითისა და არათითის გარდა, სულ დამწვარი ჰქონდა. ხელი დაუსივდა. “სასწრაფო დახმარების” ბრიგადა გამოვიძახეთ და დამწვრობის ცენტრში გადავიყვანეთ. ვფიქრობდით, რომ სანდროს ხელი მოტეხილიც ექნებოდა, მაგრამ გადავრჩით. საავადმყოფოში რომ მივედით, რიგი დაგვხვდა. იქ ახალი წლის ღამეს დაზიანებული უამრავი ადამიანი იმყოფებოდა.

თურმე პიროტექნიკის ისეთი პროდუქციაც იყიდება, რომელიც თოფში იდება და ისე ისვრიან. საავადმყოფოში ამგვარი გასროლის შედეგად დაშავებული მამაკაციც მოიყვანეს; მას ყბა ჰქონდა მონგრეული და თვალი დაზიანებული. ასევე იყვნენ: ბავშვი, რომელსაც ხელი – დაზიანებული, 40 წლის ქალბატონს კი მთლიანად დამწვარი ჰქონდა… როცა ასეთ სახიფათო პროდუქციას ყიდიან, მოსახლეობას ელემენტარულად, შესაბამისი ინსტრუქცია მაინც უნდა მისცენ. ვფიქრობ, ის ასე თავისუფლად არ უნდა იყიდებოდეს, ან საერთოდ არ უნდა შემოიტანონ, რადგან ადამიანის სიცოცხლეს მართლაც რომ საფრთხეს უქმნის. ღამით ფანჯრის გაღებაც კი საშიშია… საბედნიეროდ, სანდრო ახლა კარგად არის. ექიმმა მეორე დღეს მას ჰემატომა ამოაჭრა, ჭრილობა დაუმუშავა. მას მერე, დღეგამოშვებით შეხვევაზე დამყავს.
ბავშვი თავიდან შოკურ მდგომარეობაში იყო, ყვიროდა: მიშველეთ, ყური, ყურიო. როგორც ჩანს, ძლიერმა ხმამ მის სმენაზეც იმოქმედა, მაგრამ ახლა ნორმალურად არის. მოკლედ, ახალ წელს საავადმყოფოში შევხვდით. სანდროს როცა ჭრილობა დაუმუშავეს და ტკივილი შეუმსუბუქდა, დამშვიდდა და მერე ექიმებს და მშობლებს ბოდიშს გვიხდიდა: ბოდიში, რომ ამ ახალ წელს ასე შეგაწუხეთო.

Leave a Reply