17ede30f8fca

შავი შოკოლადი სასარგებლოა

17ede30f8fcaშოკოლადი მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტია. ამერიკელები განსაკუთრებით ბევრს,  700 მილიონი დოლარის ოდენობის შოკოლადს,  ვალენტინობის დღისთვის ყიდულობენ. თუმცა, შეერთებული შტატები არ გახლავთ ის ქვეყანა, რომელიც ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტ შოკოლადს მიირთმევს. შოკოლადის მწარმოებელთა საერთაშორისო ასოციაციის მონაცემებით ამ საქმეში ჩემპიონი მისი საყოველთაოდ ცნობილი მწარმოებლის „ნესტლეს“ სამშობლო, შვეიცარიაა. მეორე და მესამე ადგილებზე კი ისევ ევროპული ქვეყნები, ავსტრია და ირლანდია არიან.

მეცნიერები უკვე დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ მაღალი კალორიულობის და ცხიმიანობის მიუხედავად, ზოგიერთი შოკოლადის ზომიერი მიღება ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა. უახლესი სამეცნიერო გამოკვლევებიც  ადასტურებენ, რომ შავი შოკოლადი არამარტო გულ-სისხლძარღვთა სისტემას უხდება, არამედ მთლიანად ორგანიზმის იმუნინტეტსაც აძლიერებს.

მეცნიერი თამი რობერტსი მისურის უნივერსიტეტიდან აღნიშნავს, რომ შავ შოკოლადს იგივე ზემოქმედება აქვს ჩვენს სისხლძარღვებზე, როგორც „ასპირინს“: სისხლი თხიერდება და ის ნაწილობრივ დაბლოკილ არტერიებშიც კი უფრო თავისუფლად მიედინება. ეს ეფექტი თავისთავად გულის შეტევების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს.

„ბოლო მონაცემები 21 სამეცნიერო გამოკვლევის საშუალებით მოვიპოვეთ. მათში 2600 ადამიანი მონაწილეობდა“, ამბობს ქალბატონი რობერტსი. სამეცნიერო კვლევებმა დაადასტურა, რომ შავი შოკოლადის მიღება სისხლის წნევას დაბლა წევს და ინსულინის მიერ შაქრის რეგულირებასაც აუმჯობესებს.

როგორც  თამი რობერტსი ამბობს, შოკოლადის მოყვარულებს თავი იმითაც შეუძლიათ დაიმშვიდონ, რომ ის ადამიანის ზოგად იმუნიტეტზეც ახდენს ზემოქმედებას და აი, როგორ:

„კვლევები ადასტურებენ, რომ  შავი შოკოლადი ფლავინოიდებს შეიცავს. განსაკუთრებით სასარგებლო ჯანმრთელობისთვის  შოკოლადში ამოვლებული ნედლი მარწყვია. ორივე პროდუქტი სავსეა ანტიოქსიდანტებით. ანტიოქსიდანტები კი როგორც იცით, იმუნიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ინფექციათა პრევენციისთვის აუცილებელია“ – აღნიშნავს ქალბატონი რობერტსი.

ფლავინოიდებს ბევრი სხვა მცენარეც შეიცავს, რაც თვითონ მცენარესაც მავნებელი  მწერებისგან და სხვადასხვა დაავადებებისგან იცავს. როდესაც ფლავინოიდების შემცველი მცენარეები საკვების სახით ადამიანის ორგანიზმში ხვდება, ის იმუნიტეტს ფერმენტების  -ცილების- წარმოქმნაში ეხმარება. ეს ფაქტორი კი დიდ როლს ასრულებს ზოგიერთი ტიპის სიმსივნეების, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და ჯანმრთელობის მრავალი სხვა პრობლემის პრევენციაში, რისი რისკიც ასაკის მატებასთან ერთად, როგორც წესი, იზრდება.

თამი რობერტსი ამბობს, რომ თუკი საჩუქრად ვინმესთვის შოკოლადის მირთმევა გსურთ, შავ შოკოლადში ამოვლებული მარწყვი საუკეთესო ვარიანტია:

„ეს თქვენთვის სიყვარულის გამოხატვის საუკეთესო საშუალება იქნება, რადგან ანტიოქსიდანტების და ვიტამინი „ცეს“ დამატებით ახლობელზე ზრუნვასაც აჩვენებთ“.

– ამბობს ქალბატონი რობერტსი და კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ შავ შოკოლადზე, რომელიც მინიმალურ შაქარს და კაკაოს მარცვლების მაქსიმალურ რაოდენობას შეიცავს, და რაღა თქმა უნდა, მის ზომიერ მიღებაზე.

Leave a Reply