ვარჯიში სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის

ყოველდღიური ვარჯიში რომ სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის არავისთვის არ წარმოადგენს საიდუმლოს. მთავარია დავძლიოთ სიზარმაცე და ვარჯიშისთვის თავისუფალი დრო გამოვნახოთ.

ახლახანს ამერიკელმა სპეციალისტებმა კალიფორნიაში სპეციალური გამოკვლევა ჩაატარეს, რომლის შედეგებით გაირკვა, რომ ვარჯიში, განსაკუთრებით სიმძიმეების აწევა ორგანიზმის გაახალგაზრდავებას უწყობს ხელს.

სიმონ მელოვის ხელმძღვანელობით ჩატარებული ექსპერიმენტის დროს ასაკოვანი ადამიანების კუნთების ქსოვილი შეამოწმეს და 6 თვის შემდეგ გაირკვა, რომ ისინი ვინც სიმძიმეებით აწევაში ვარჯიშობდნენ გაცილებით უფრო მხნედ გამოიყურებოდნენ და მათი კუნთების გაახალგაზრდავებაც მოხდა.

სიმონ მელოვის თქმით:” აქამდე ყველამ ვიცოდით რომ ვარჯიში სასარგებლოა, მაგრამ ნამდვილად არ გვეგონა, რომ მას ადამიანის გაახალგაზრდავებაც შეეძლო.”

ვარჯიში სასარგებლოა არა მარტო ჩვენი კუნთების გაძლიერებისათვის, ის ხელს უწყობს ძვლების სიმტკიცეს, მეტაბოლიზმის გაუმჯობესებას, ენერგიას და სიხალისეს მატებს ადამიანს.

მისურის უნივერსიტეტის მესვეურებმა ახლახანს გადაწყვიტეს რომ პედაგოგებს არ აწყენდათ სამუშაო საათების განმავლობაში ცოტაოდენი წავარჯიშება. ექსპერიმენტის შედეგებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

ამ პროგრამას ვერა მესიუ ნიკოლსი ხელმძღვანელობს, რომელიც აცხადებს, რომ ორ თვიანი ვარჯიშის შემდეგ ხალხი იმდენად უკეთ გრძნობს თავს, რომ დამატებითი სტიმული ეძლევათ სისტემატიური ვარჯიშის გაგრძელებისათვის.

როგორც უნივერსიტეტის ლექტორი სინდი დენიელსი ამბობს:” ძალა საერთოდ არ მქონდა, ახლა კი ისეთი რამეების გაკეთება შემიძლია მე თვითონ მიკვირს.”

ახლა ამერიკაში სულ უფრო მეტი კომპანია ცდილობს თავისი თანამშრომლები სპორტულ-გამაჯანსაღებელ კლუბებში გააწევრიანოს, წონის დაგდებაში წაახალისოს და სპორტული ინვენტარით მოამარაგოს.

ამერიკელმა ბიზნესმენებმა კარგად იციან რომ ჯანმრთელი თანამშრომლების არსებობა მათ კომპანიებს უამრავ დროსა და თანხებს დაუზოგავს და იმის ნაცვლად რომ დასუსტებული მუშაკების სამედიცინო მომსახურებაზე ხარჯონ ფული ურჩევნიათ საკუთარი თანამშრომლების ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იზრუნონ.

Leave a Reply