გარდატეხის ასაკის პრობლემები

სიმსუქნის ასაკი

სპეციალისტებს თუ დავუჯერებთ, სიმსუქნეს სამი ასაკი აქვს. არსებობს სიცოცხლის სამი ეტაპი, რომლებიც წონის განსაკუთრებული მატებით მიმდინარეობს და რომელთა მართებულ წარმართვაზეც ბევრად არის დამოკიდებული ადამიანის ჯანმრთელობა და გარეგნობა.პირველი ძუძუს წოვის პერიოდია, მეორე – უნარ-ჩვევათა ჩამოყალიბების ხანა, რომელიც, ჩვეულებრივ, სკოლამდელ ასაკში იწყება, მესამე კი გარდატეხის პერიოდს, ე.წ. პუბერტულ (10-დან 14 წლამდე) ასაკს ემთხვევა.

გარდატეხის ასაკში მოზარდთა უმეტესობა წონის განსაკუთრებულ მატებას უჩივის, რასაც უმთავრესად სამი ფაქტორი განსაზღვრავს: მემკვიდრეობა, ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი ურთულესი ენდოკრინული გარდაქმნები და საკუთრივ ჭარბი კვება. გარდატეხის ასაკში მოზარდი ინტენსიურად იზრდება, ამიტომ მას განსაკუთრებით სჭირდება ცილა. ამასთანავე, ცილის დიდი ნაწილი სასურველია ცხოველური პროდუქტებიდან მიიღოს, რომლებიც უხვად შეიცავს შეუცვლელ ამინომჟავებს, თუმცა არც ცილების სიჭარბე ვარგა – ის ზრდის ნერვული სისტემის აგზნებადობას, რომელიც ამ ასაკში ისედაც მომატებულია. მოზარდი ორგანიზმისთვის ყველაზე სასარგებლო მცენარეული წარმოშობის ცხიმებია.
ნახშირწყლები მოზარდისთვის ენერგიის ძირითადი წყაროა, თუმცა ფქვილისა და შაქრის შემცველი პროდუქტების მიღება რამდენადმე უნდა შეზღუდოთ, ტკბილეულის სრული აკრძალვა კი ტვინისთვის დამღუპველია. გოგონები განსაკუთრებით უნდა მიეძალონ კალციუმით, რკინითა და მაგნიუმით მდიდარ პროდუქტს.

 

დაეხმარეთ შვილებს ჭარბი წონის მოცილებაში

10-დან 14 წლამდე დაგროვილი კილოგრამები ადამიანს ხშირად მთელი სიცოცხლე გაჰყვება და საკმაოდ ძნელი მოსაცილებელია, ამიტომ მრავალ ქვეყანაში სპეციალური სამსახურები მოზარდებს წონის კორექტირებას ასწავლიან, უხსნიან, რატომ უნდა თქვან უარი შოკოლადზე, გაზიან სასმელებსა და სოსისზე. ჩვენში ამგვარი სამსახურები ჯერჯერობით არ არსებობს, ამიტომ სპორტული ინსტრუქტორის, ფსიქოლოგისა და დიეტოლოგის ფუნქციები ისევ მშობლებმა უნდა შეითავსონ, ამაში კი ჩვენი რეკომენდაციები დაეხმარებათ:

  • სადილზე სუფრაზე მიიტანეთ ბევრი ხილი და ბოსტნეული (ახალი, გაყინული ან შინ დაკონსერვებული);
  • მოზარდი რომ არ აცდუნოთ, ნუ იყიდით ტკბილ სასმელებს, პროდუქტებს, რომლებიც ბევრ ცხიმსა და კალორიას შეიცავს;
  • წინასწარ დაგეგმეთ მთელი კვირის ჯანსაღი მენიუ;
  • მოზარდმა ყოველ დილით უნდა ისაუზმოს – ამით უმჯობესდება ნივთიერებათა ცვლა;
  • ისეირნეთ და მისდიეთ სპორტს შვილებთან ერთად;
  • თავი ანებეთ სწრაფ კვებას. თუ შვილებთან ერთად მოგიხდათ სწრაფი კვების ობიექტში შესვლა, ეცადეთ, მაქსიმალურად ჯანსაღი საკვები აარჩიოთ;
  • თუ გსურთ, წონაში მომატებულმა მოზარდმა სასწავლო დაწესებულების ბუფეტში ნაკლებად შეიქციოს თავი ფუნთუშებითა და ჰამბურგერებით, თან ჯანსაღი საკვები გაატანეთ, მაგალითად, ჭვავის პურის ბუტერბროდი ბოსტნეულითა და ყველით;
  • როდესაც მაგიდაზე მუდმივად დევს ნაკლებცხიმიანი, შაქრიანი და უჯრედისით მდიდარი პროდუქტი, მოზარდი ასეთ საკვებს ეჩვევა, ეს კი მთელ ოჯახს მოუტანს სარგებლობას.

 

როცა ორგანიზმი სტრესს განიცდის

ხშირად სიმსუქნე სტრესის შედეგია, რომელიც გარდატეხის ასაკს სდევს თან. ამ პერიოდში მთავარი ცხოვრების ჯანსაღი წესია. წონის კონტროლისთვის სულაც არ არის საჭირო მუდმივად სასწორზე დგომა. მთავარი ჯანმრთელობაა და არა ციფრები!
1. აარჩიეთ კვების შესაფერისი სისტემა და ზედმიწევნით დაიცავით იგი.
2. გახსოვდეთ, ცილები ყოველ ჯერზე საჭიროა.
3. ნახშირწყლები და უჯრედისი უმჯობესია ხილიდან და ბოსტნეულიდან მიიღოთ. რაც შეეხება რაფინირებულ პროდუქტებს, მათგან თავის შეკავება მოგიწევთ.
4. გაზარდეთ მოძრაობითი აქტიურობა: ისეირნეთ კვირაში 4-5-ჯერ, მინიმუმ ნახევარ საათს მაინც. ამით საგრძნობლად წაეხმარებით თქვენს ნივთიერებათა ცვლას.
5. ეცადეთ, ერიდოთ სტრესულ სიტუაციებს. გამოძებნეთ დრო დასვენებისა და მოდუნებისთვის.
6. სვით ბევრი წყალი (დღეში 8 ჭიქა მაინც).
7. ნუ დაიგროვებთ ემოციებს: იყვირეთ, ურტყით ბალიშს…
8. არავითარი დიეტა! როდესაც მოზარდი არასწორად იკვებება, ვიტამინებითა და მიკროელემენტების ნაკლებობით გამოწვეულ პირველ დარტყმას არა თეძოებზე დაგროვებული ჭარბი ცხიმი, არამედ ტვინი იღებს: უარესდება ინფორმაციის მიღების უნარი, ზიანდება ინტელექტი. ხშირია კუჭ-ნაწლავის მოშლილობანი, თავს იჩენს კანსა და თმასთან დაკავშირებული პრობლემები. რაც ყველაზე უსიამოვნოა, გოგონებს შესაძლოა დაერღვეთ მენსტრუაციული ფუნქციის ფორმირების პროცესი, რაც მომავალში მათი შვილიერების უნარზე იმოქმედებს.
გახსოვდეთ: კვების რეგულირების პროცესი 1-2 კვირა როდი გრძელდება; ნორმალური კვება ცხოვრების წესად რომ გექცეთ, 1-2 წელია საჭირო

ნინო

მე ვარ ნინო ჭიჭინაძე.17 წლის ამ ბლოგის შექმნის მიზანია,მნიშვნელოვანი სიახლეები გავაცნო ჩემს მეგობრებს და ირგვლივ მყოფთ.

Leave a Reply