რა მივაყოლოთ წამლებს?

ჩვევად გაქვთ, მიაყოლოთ აბებს ნებისმიერი სითხე, რომელიც კი ხელში მოგხვდებათ? ეს სერიოზული შეცდომაა.

საქმე ის არის, რომ ყოველგვარ წამალს, მცენარეული წარმოშობისასაც კი, აქვს განსაკუთრებული ქიმიური შემადგენლობა, რომელსაც შეუძლია, რეაქციაში შევიდეს საკვებსა თუ სასმელთან (გამონაკლისია მხოლოდ ჩვეულებრივი სასმელი წყალი).

ამ დროს კუჭში იწყება ნამდვილი ქიმიური რეაქცია და წარმოიქმნება სრულიად განსხვავებული ნართები, რომლებიც არათუ ვერ კურნავს, არამედ შეუძლია ავნოს კიდეც ჯანმრთელობას. არ მიაყოლოთ აბებს წვენი ან კომპოტი – ეს სასმელები შეიცავს ხილის მჟავებს, რომლებსაც შეუძლია წამლის სტრუქტურის დაშლა ან მისი ფარმაკოლოგიური შემადგენლობის შეცვლა, შედეგად კი – სამკურნალო თვისებებისაც. განსაკუთრებით სახიფათო ნაერთებს ქმნის წვენები შემდეგ პრეპარატებთან:

  • წნევისა და სისხლში ქოლესტერინის დონის დამწევ საშუალებებთან;
  • აცეტილსალიცილის მჟავასთან (ასპირინთან) და ანტიბიოტიკებთან;
  • ანტაციდებსა და სიცხის დამწევებთან.

წამლებთან შეუთავსებლობის კუთხით ჩემპიონია გრეიპფრუტის წვენი (და თვითონ გრეიპფრუტიც). ის შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც შლის ღვიძლში წამლების გახლეჩაზე პასუხისმგებელ ფერმენტებს. ამ ფერმენტის არარსებობა ორგანიზმში წამლების კონცენტრაციის მომატებას იწვევს, რასაც დოზის გადაჭარბების მსგავს მდგომარეობამდე მივყავართ. შედეგი შესაძლოა ძალზე სერიოზული აღმოჩნდეს. მაგალითად, გრეიპფრუტის წვენი 5-ჯერ აძლიერებს წნევის დამწევი პრეპარატების მოქმედებას, ანტიდეპრესანტებთან ურთიერთქმედების დროს მას შეუძლია დაამძიმოს დეპრესია, ხოლო თუ ორალურ კონტრაცეპტივებს დავაყოლებთ, მათ ეფექტურობას დააქვეითებს. არ შეიძლება წამლების რძესთან ერთად მიღება (თუ ამის თაობაზე არ გაქვთ ექიმის განსაკუთრებული რეკომენდაცია). რძე შეიცავს კალციუმს, რომელიც ადვილად შედის რეაქციაში მრავალ ქიმიურ ნივთიერებასთან და შეუძლია, აქციოს ისინი უხსნელ ნაერთებად, რომლებსაც სამკურნალო ეფექტი არ გააჩნია. მაგალითად, რძე ანეიტრალებს კოფეინის შემცველი საშუალებების (ციტრამონის, ასკოფენის) და ანტაციდების მოქმედებას, აფერხებს რკინისა და ანტიბიოტიკების შეწოვას. წამლებს თვისებებს ყავა და ჩაიც უცვლის. ტანინი, რომელსაც შეიცავს ჩაი, ანეიტრალებს ორალური კონტრაცეპტივების მოქმედებას, რკინასთან ურთიერთქმედებისას წარმოქმნის წყალში უხსნელ ნაერთებს, ხოლო ანტიდეპრესანტებთან ერთად მიღების შემთხვევაში შესაძლოა უძილობა გამოიწვიოს. რაც შეეხება ყავას, მისი მოქმედების გათვლა

და პროგნოზირება შეუძლებელია. ის ზოგჯერ ასუსტებს წამლების მოქმედებას, ზოგჯერ კი, პირიქით, აძლიერებს. განსაკუთრებით არასასურველია ყავის დაყოლება საძილე და დამამშვიდებელი, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებებისთვის, ასევე – ანტიბიოტიკებისთვისაც: ყავას ისე სწრაფად გამოჰყავს ისინი ორგანიზმიდან, რომ სარგებლობის მოტანას ვერც კი ასწრებენ. დაბოლოს, კატეგორიულად აკრძალულია წამლების მიღება ალკოჰოლთან ერთად – ამ შემთხვევაში გაცილებით ძლიერი გვერდითი ეფექტებია მოსალოდნელი. დასკვნები თავად გამოიტანეთ!

მხოლოდ წყალი
თუ ექიმს არ მოუცია თქვენთვის საგანგებო რეკომენდაცია აბების მიღების წესის თაობაზე, უმჯობესია, წამალს დააყოლოთ სუფთა, უგაზო, ოთახის ტემპერატურის წყალი. ერთ აბს არანაკლებ ნახევარი ჭიქა (და არა 1-2 ყლუპი) წყალი სჭირდება. განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება უფრო მეტის დაყოლებაც დაგჭირდეთ, არანაკლებ ერთი ჭიქისა.

Anano Gvishiani

მე ვარ ანანო გვიშიანი (Ann Rowling ) 15 წლის ვსწავლობ “ზურაბ ეფაძის სახელობის სკოლაში ” X კლასში . ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა ( სათავგადასავლო ფანტასტიკა) და ასევე ძალიან მიყვარს “ჰარი პოტერი ” რომლის ყველა ნაწილი რამოდენიმეჯერ მაქვს წაკითხული . ვარ “პოტერჰედი” და ვწერ მოთხრობებს. თავისუფალ დროს ვატარებ ცეკვის დარბაზში , უკვე 6 წელია ვცეკვავ სახალხო ანსამბლ “ლეჩხუმში ” . ბლოგის შესახებ სამოქალაქო განათლების ტრენინგებიდან შევიტყვე , ძალიან დამაინტერესა ამიტომ შევქმენი . ვფიქრობ , რომ მას ხშირად გამოვიყენებ და იმედი მაქვს მომავალში წარმატებული “ბლოგერი ” გავხდები.

Leave a Reply