24 დეკემბერი ხსენება ყოველთა წმიდათა – საქართველოში წამებულთა და ღირსთა მამათა და დედათა

 

 ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლებისა და საქართველოს ისტორიის გაცნობისას სამართლიანად იბადება აზრი, რომ ზეციური საქართველო განუზომლად დიდია. კაცთაგან არავინ იცის, რამდენმა მოიბანა მიწიერი მწიკვლი ქრისტესთვის თავდადებით უსჯულოებთან ბრძოლისას, რამდენმა განიწმიდა სული მონასტრის ცივ სენაკებში ლოცვით, მარხვითა და მოღვაწეობით, მხოლოდ ღმერთმა იცის ჩუმად მოღვაწე იმ ერისკაცთა და დედათა შესახებ, რომლებიც დაუღალავად ჭედდნენ საქართველოს ეკლესიისა და ერის მომავალს.

`რაჟამს ერთი ღმერთი გვიცნობიეს, არღარა უარგვიყოფიეს და არცა ოდეს წვალებისა მიმართ მიდრეკილ არს ნათესავი ჩვენი”, – სარწმუნოებრივ-ეროვნული თვითშეგნებით ბრძანა წმიდა მამა გიორგი მთაწმინდელმა თავის დროზე.

`არა გეცრუვნეთ შენ, სიწმიდით მშობელო ჩვენო კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო, რომლისა არცა განმცემელ ქმნილ ვართ, ვინაითგან შემეცნებასა შენსა ღირსქმნილ ვართ – მოწამე არს ჭეშმარიტება”, – ვკითხულობთ რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ძეგლისწერაში და ეს იყო ყოველი ქართველის ცხოვრების ქვაკუთხედი.

შეუძლებელია საქართველოს სამოციქულო ეკლესიიდან ზეციურ, მედღესასწაულე ეკლესიაში ამაღლებულ ქრისტიანთა სახელების ჩამოთვლა, და, მით უმეტეს, შეუძლებელია მათი ღვაწლის აღწერა: `ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და ან ცაზე ვარსკვლავები, ვინ შეამკოს ღირსეულად ქართველ გმირთა მხარ-მკლავები” (აკ. წერეთელი). საქართველოს ეკლესია ამ დღეს ერთად იხსენებს მისი წიაღიდან გაბრწყინვებულ ყველა წმიდანს. ეს დღე არის საქართველოს ეკლესიის განსაკუთრებული დღესასწაული და ქართველთა დიდი ნაწილის ანგელოზის დღე. ქართველ ქრისტიანთა საკმაოდ დიდი ნაწილი ამ დღეს მოხსენებულ წმიდათა სახელებს ატარებს და მათგან ითხოვს მეოხებას.

წყარო:kvirike.ge

ნინო

მე ვარ ნინო ჭიჭინაძე.17 წლის ამ ბლოგის შექმნის მიზანია,მნიშვნელოვანი სიახლეები გავაცნო ჩემს მეგობრებს და ირგვლივ მყოფთ.

Leave a Reply