რაზე მეტყველებს ადამიანის გარეგნობა?

скачанные файлы (28)
ალბათ გაგიგონიათ, რომ ადამიანის გარეგნული ნიშან-თვისებები ხშირად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახავს.
– დამეთანხმებით – ზოგჯერ ადამიანის სიარულის მანერაზე დაკვირვებისას გვიფიქრია, რომ ჩვენს წინ ავადმყოფია. რა განაპირობებს სიარულის თავისებურებებს და, საზოგადოდ, რა ნიშნების საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ადამიანი ჯანმრთელი არ არის?
– ადამიანის სიარულის მანერა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. გარდა ამისა, სიარული პიროვნების ტემპერამენტს, თვითშეგრძნებას, გუნება-განწყობასაც ასახავს. მედიკოსები აღნიშნავენ, რომ ჯანმრთელი ადამიანი გამართული, ზუსტი და მყარი ნაბიჯებით დადის, თავი მაღლა აქვს აწეული, ხელები – თავისუფლად დაშვებული, ოდნავ აქნევს, ნაბიჯები თანაბარი აქვს, მცირეამპლიტუდიანი, ერთი ხაზის გასწვრივ მიმართული. სიარულის მანერა იცვლება ძვალ-სახსართა დაავადებების, ქვედა კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევის, წელკავის და, რაც მთავარია, ნერვული სისტემის დაავადებების შემთხვევაში. ასე რომ, ზოგიერთი ნევროლოგიური დაავადება და ძვალსახსროვანი სისტემის პათოლოგია შეიძლება პაციენტის სიარულზე დაკვირვებითაც ამოვიცნოთ. მკითხველთათვის კარგად ნაცნობი პარკინსონის დაავადების დროს ნაბიჯები ძალიან მოკლეა, სიარული შენელებულია, თან არ ახლავს კიდურების ავტომატური მოძრაობა. ადამიანს განსაკუთრებით უჭირს სიარულის დაწყება. ეს თვალსაჩინოა არა მარტო წამოდგომისას, არამედ მდგომარე ადამიანის მიერ პირველი ნაბიჯის გადადგმის დროსაც. გარდა ამისა, დამახასიათებელია სიარულის დაწყების შემდეგ ნაბიჯის აჩქარება და წინ წავარდნის, დაცემის ტენდენცია. დგომისას თავი დახრილია, ხერხემლის გულმკერდის ნაწილი წინ არის წაწეული, ზედა კიდურები იდაყვშია მოხრილი, ქვედა კიდურები – მუხლისა და მენჯ-ბარძაყის სახსრებში. სიარულისას სხეული კიდევ უფრო წინ იხრება, კიდურები მოხრილი რჩება. ადამიანი ხშირად ეცემა, ვინაიდან არ შეუძლია წონასწორობის დაცვა. თავის ტვინში განსაზღვრული ლოკალიზაციის სისხლჩაქცევისას (ინსულტის დროს) ყალიბდება სიარულის დამახასიათებელი მანერა. თავის ტვინის დაზიანებულ მხარეს ხელი მოხრილია, ხოლო ფეხი მაქსიმალურად არის გამართული, პაციენტს მისი მოხრა არ შეუძლია, რის გამოც სიარულისას ფეხით თითქოს ნახევარწრეს შემოხაზავს. სიარული გაძნელებული და ნელია. სამწუხაროდ, ყველა ადამიანს როდი აქვს ჯანსაღი იერი. ზოგჯერ გარეგნული შეფასება მართლაც საკმარისია, რომ ამა თუ იმ დაავადებების არსებობა ვიეჭვოთ. მაგალითად, თუ ადამიანს გენერალიზებული, მთელ სხეულზე გავრცელებული შეშუპება აქვს, უნდა ვივარაუდოთ გულის უკმარისობა ან თირკმელების პათოლოგია. მაღალი ტანი, გრძელი კიდურები, ობობასებრი თითები მარფანის სინდრომისთვის არის დამახასიათებელი. ამ სინდრომის დროს შესაძლოა აღინიშნებოდეს მიტრალური სარქვლის პროლაფსი, აორტის გაგანიერება. ზოგჯერ მოსალოდნელია აორტის განშრევებაც. ეს სიცოცხლისათვის საშიში გართულებაა. საბედნიეროდ, პათოლოგია არ არის ხშირი. მაღალი ტანი და თავისებური იერი – ცხვირის, ტუჩების, წარბზედა რკალების გასქელება და გადიდება, მტევნების ზომის მატება – აკრომეგალიას ახასიათებს. ეს გახლავთ ენდოკრინული სისტემის დაავადება, რომელიც ზრდის ჰორმონის სიჭარბით არის განპირობებული. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ზოგიერთი მეტისმეტად მსუქანი ადამიანი ძილიანობას უჩივის. მათ შესაძლოა ჰქონდეთ ძილის აპნოე (სუნთქვის ეპიზოდური შეჩერება ძილის დროს), ფილტვების ჰიპერტენზია და ფილტვისმიერი გული. ძლიერი სიმსუქნის დროს პათოლოგიურ ძილიანობას პიკვიკის სინდრომს უწოდებენ. ეს სახელწოდება დიკენსის ნაწარმოების “პიკვიკის კლუბის ჩანაწერების” სათაურის მიხედვით შეიქმნა – იქ არის ერთი პერსონაჟი, ჩასუქებული ბიჭი ჯო, რომელსაც მუდამ ეძინება. უპირატესად სხეულის ზედა ნაწილში ლოკალიზებული სიმსუქნე, წვრილი კიდურები, კანზე მოლურჯო ზოლები (სტრიები), კისრის არეში ცხიმის დაგროვება (კლიმაქსური კუზი), მთვარისებური (მრგვალი მსუქანი) სახე კუშინგის სინდრომს ახასიათებს. ეს არის ენდოკრინული დაავადება, რომლის დროსაც თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონები, გლუკოკორტიკოსტეროიდები, ჭარბად წარმოიქმნება. არაბუნებრივად სწორი ზურგი დამახასიათებელია მაანკილოზებელი სპონდილიტისთვის. მოგვიანებით პაციენტი წელში იხრება, “მათხოვრის პოზას” იღებს. გარდა სიარულის მანერისა და ტანდეგობისა, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შეფასებისას ყურადღება ექცევა მის სახეს, კიდურებს, კანის ფერს, თვალებს, თმიან საფარველს, ფრჩხილებს, ერთი სიტყვით, თითქმის ყველა გარეგნულ სიმპტომს.
რა ინფორმაციას გვაწვდის ადამიანის სახე?
– ზოგიერთი დაავადების დროს იმდენად დამახასიათებელი ცვლილებები ვითარდება, რომ სავარაუდო დიაგნოზს ექიმი პაციენტის შეხედვისთანავე სვამს. ცნობილია, რომ მშრალი კანი, მტვრევადი თმა, წარბების გარეთა ნაწილების გაცვენა, შეშუპებული ქუთუთოები, აპათიური, ყველაფრისადმი განურჩეველი სახე, გადიდებული ენა, ოდნავ ღია პირი, კანის გასქელება და მოყვითალო ელფერი ტიპობრივია მიქსედემისთვის – ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მკვეთრი დაქვეითებისთვის. კანის გამკვრივება, ელასტიკურობის დაქვეითება, სახის არეში დაჭიმვა, პირის ირგვლივ ქისისებური ნაკეცები ახასიათებს სისტემურ სკლეროზს ანუ სკლეროდერმიას, რომელიც შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაზიანებით მიმდინარე დაავადებაა და დამახასიათებელ გარეგნულ ცვლილებებთან ერთად შინაგანი ორგანოების მნიშვნელოვანი დაზიანება სდევს თან. მიტრალური სტენოზის (გულის მანკის ერთ-ერთი სახეობა) დროს ტიპობრივია ლოყების ვარდისფერი და ტუჩების მოლურჯო ანუ ციანოზური შეფერვა. თირკმლის დაავადებების დროს სახე ფერმკრთალია, შეშუპებული, განსაკუთრებით თვალსაჩინოა შეშუპება ზედა ქუთუთოების არეში. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ პაციენტთა შეშფოთებას უმეტესად იწვევს ქვედა ქუთუთოების შეშუპება, მუქი შეფერვა. უნდა ითქვას, რომ ასეთი ცვლილება არავითარ პათოლოგიას არ უკავშირდება. ის განპირობებულია ქვედა ქუთუთოების არეში კანისა და კანქვეშა შრის აგებულების თავისებურებებით და მხოლოდ კოსმეტიკური დეფექტია. უფრო შესამჩნევია უძილობის, გადაღლის, მარილიანი საკვების მიღების, თამბაქოს წევის, ასაკის მატების დროს. თირეოტოქსიკოზის დროს პაციენტის სახე თითქოს ერთსა და იმავე დროს შიშსა და მრისხანებას გამოხატავს, თვალები ფართოდ აქვს გახელილი, კაკლები – წინ წამოწეული (ეგზოფთალმი), თითქოს პრიალებს, ზედა ქუთუთოსა და თვალის ფერად გარსს შორის კარგად ჩანს სკლერის თეთრი ზოლი. სისტემური წითელი მგლურას შემთხვევაში სახეზე გამონაყარი და სიწითლე ისეა განლაგებული, რომ კონტურს პეპლის ფორმა აქვს. ამ ცვლილებას მგლურას პეპელას უწოდებენ. ქალის ორგანიზმში ტესტოსტერონის სიჭარბე, რაც უმეტესად პოლიცისტური საკვერცხის სინდრომთან არის დაკავშირებული, მამაკაცური ტიპის თმიანობას იწვევს. აქვე უნდა ითქვას, რომ თმიანობისადმი მიდრეკილება ჩვენს ქვეყანაში განპირობებულია გენეტიკური მიზეზებით, გეოგრაფიული ადგილმდებარეობით, ძალზე ტიპობრივია კავკასიის ქვეყნებისთვის და არავითარ ჰორმონულ დარღვევას არ უკავშირდება. ამ შემთხვევაში მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდი ეპილაციაა. მამაკაცური თმიანობის ერთ-ერთი მიზეზია თამბაქოს წევა. ამ მავნე ჩვევის უკუგდების შემდეგ ნორმალური თმიანობა ხშირად აღდგება.

– როგორ შეიძლება შეიცვალოს კანის ფერი დაავადების დროს?
– კანის შეფერილობის შეფასებით მართლაც შეიძლება მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღოთ. საზოგადოდ, კანის შეფერილობა ინდივიდუალურია, მაგრამ არსებობს ნიშნები, რომლებიც კონკრეტულ დაავადებებზე მეტყველებს. კანის სიფითრე, წესისამებრ, დაკავშირებულია ანემიასთან ან პერიფერიული სისხლის მიმოქცევის თავისებურებებთან – არტერიოლების სპაზმთან, რაც ზოგიერთი დაავადებისთვის არის ტიპური (ასეთია, მაგალითად, გულის ზოგიერთი მანკი, ჰიპერტენზია, თირკმლის დაავადებები). ამავე დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზოგიერთ ადამიანს კანის კაპილარები ღრმად აქვს განლაგებული ან სუსტად აქვს განვითარებული, რაც ყოველგვარი პათოლოგიის გარეშე იწვევს სიფითრეს. არიან ადამიანები, რომელთა სისხლძარღვებიც ძლიერი სპაზმით რეაგირებენ ემოციაზე, სტრესზე, სიცივეზე. ესეც სიფითრის ერთ-ერთი მიზეზია. კანის მოწითალო შეფერილობა ანუ ჰიპერემია შესაძლოა განპირობებული იყოს სისხლძარღვთა გაფართოებით, რაც ხდება ცხელების, სხეულის გადახურების, კოფეინით მდიდარი სასმლის, ალკოჰოლის მიღების, ნერვული დაძაბულობის დროს. გარდა ამისა, კანის ჰიპერემიის მიზეზი შეიძლება იყოს სისხლში ერითროციტებისა და ჰემოგლობინის შემცველობის მატება. ამ დროს კანი ღაჟღაჟა, მოლურჯო-მოწითალო ფერისაა. არიან ადამიანები, რომელთაც სისხლძარღვოვანი კაპილარული ქსელი ზედაპირულად აქვთ განლაგებული, რის გამოც კანი ყოველგვარი დაავადების გარეშე იღებს მოწითალო ელფერს. მთელი რიგი პათოლოგიების დროს ვითარდება კანის მოლურჯო შეფერვა ანუ ციანოზი. მისი გამომწვევი მიზეზების მიხედვით განასხვავებენ ცენტრალურ ციანოზს, რომელიც ფილტვის სხვადასხვა პათოლოგიის დროს სისხლის ჟანგბადით გამდიდრების დარღვევის შედეგია და ხშირად თან ახლავს სუნთქვის უკმარისობა. ასეთი მოლურჯო შეფერილობა დიფუზურია – გავრცელებულია სახეზე, სხეულზე, კიდურებზე, ხშირად თავისებური მონაცრისფრო-ალუბლისფერი ელფერი აქვს. ამისგან განსხვავებით, გულის დაავადებებისთვის ტიპურია პერიფერიული ანუ სხეულის წარზიდული ნაწილების – ტუჩების, ცხვირის, თითების, ყურების ციანოზი. პერიფერიულ ვენებში სისხლის მიმოქცევის შეფერხებისას (ზეწოლის შემთხვევაში), ასევე – ვენების თრომბოზის დროს შესაძლოა ადგილობრივი, შემოფარგლული ციანოზი აღმოცენდეს. კიდურების პერიფერიული ციანოზი ვითარდება რეინოს სინდრომის დროსაც. შეუძლებელია, კანის ფერზე საუბრისას არ შევეხოთ სიყვითლეს – კანისა და ლორწოვანი გარსების ყვითლად შეფერვას. მისი მიზეზი სისხლში პიგმენტ ბილირუბინის ჭარბი დაგროვებაა. გამომწვევი მიზეზის კვალობაზე, სიყვითლე შეიძლება იყოს პარენქიმული ანუ უშუალოდ ღვიძლის დაავადებებით განპირობებული, მექანიკური ანუ სანაღვლე გზების დახშობით (კენჭის, სიმსივნის გამო) გამოწვეული და ჰემოლიზური – ერითროციტების გაძლიერებულ დაშლასთან დაკავშირებული. სიყვითლის აღმოცენებისას აუცილებელია ვიზიტი ექიმთან მიზეზის დასადგენად და სამკურნალოდ

Leave a Reply