აქვს თუ არა ბედობის დღესასწაულს კავშირი ქრისტიანულ სწავლებასთან?

აი დადგა 2016 წელიც გილოცავთ კიდევ ერთხელ ახალი სიცოცხლით ვიწყებთ უკვე ყველაფერს სუფთა ფურცლიდან სუფთა სულით 3654 დღე 365 ახალი შანს 1389718503_christmas_tableware_dishes როგორ უნდა შეხვდეს ქრისტიანი ახალ წელს? აქვს თუ არა კავშირი ბედობის დღესასწაულს ქრისტიანულ სწავლებასთან?

მამა ანტონის თქმით, უნდა გავიხსენოთ რამდენი სიკეთე გვიწყალობა გასულ წელს ღმერთმა, რამდენი სიკეთე გვიყვეს ადამიანებმა. “საბოლოო ჯამში, ცხოვრების ნაყოფი მხოლოდ სიყვარული და მადლიერებაა, სიხარული და მშვიდობაა. ამოვკრიფოთ გასული წლიდან მთელი მადლიერება, რომელიც კეთილი, გულთბილი, ჩვენდამი მოწყალე ადამიანების მიმართ გვქონდა, მადლიერება ღვთისადმი და ასე შევდგათ ფეხი ახალ წელიწადში.

შევიტანოთ ამ წელიწადში აღმაფრენა. ამ წელს ისე შევუდგეთ, რომ მთელი წელი სწორი გზით ვიაროთ. ვიაროთ ერთად, ვიაროთ მეგობრულად, ვიაროთ გაბედულად და მტკიცედ. სირთულეც შეგვხვდება, სიხარულიც: ერთსაც და მეორესაც უფალი გვიგზავნის. სირთულეს, ანუ სიბნელეს, სიმწარეს, ტანჯვას იმად გვიგზავნის ღმერთი, რომ მასში სინათლე, სიხარული, მყუდროება შეიტანოს; ნათელს კი იმისათვის, რომ ჩვენც ვეზიაროთ სინათლეს, ვიყოთ შვილნი ნათლისა.

ვიაროთ ერთად, გულმოდგინედ, გვახსოვდეს ერთმანეთი და მაშინ, როცა წლის ბოლოს მიმოვიხედავთ, აღმოჩნდება, რომ ერთი სწორხაზოვანი გზა გამოგვივლია, არავინ დაცემულა გზის პირას, არავინ დავიწყებულა, არავისთვის აგვივლია გვერდი და რომ მრავალს ჩვენს მცირე სამწყსოში და ჩვენით მთელს მსოფლიოში მოუპოვებია სიყვარული, სინათლე, სიხარული. ამინ!”- ბრძანებს წმიდა მამა.

რაც შეეხება, ჩვენში ასე გავრცელებულ ბედობას და მასთან დაკავშირებულ ცრურწმენებს, წმიდა იოანე ოქროპირი სწავლებით, ამ დღესასწაულს ეკლესიასთან არანაირი შეხება არ აქვს:

“ბევრს სჯერა ბედისა და ვარსკვლავების გავლენისა კაცთა საქმეებზე და ჰგონიათ, რომ სწორედ ბედისწერა განსაზღვრავს, ვინ იქნება კეთილი, ვინ – ბოროტი. მაგრამ ამქვეყნად მოსულ ღვთის ძეს არ შემოუღია სწავლება ბედზე და ვარსკვლავთა გავლენაზე – პირიქით, მან გაანადგურა ეს მოძღვრება, გვასწავლა სათნოებანი და ყოველივე კარგისა თუ ცუდის მიზეზად სიკეთის ქმნა-არქმნის სურვილზე მიგვითითა. მაცხოვარი ამიტომაც გვემუქრება გეჰენიით ან გვიმზადებს ზეციურ სასუფეველს. ბედის გარდუვალობით შებორკილთ ის არ განუმზადებდა გვირგვინებს და არც სასჯელით შეაშინებდა, რადგან ერთიც და მეორეც თავისუფალ ადამიანებს ეხება. ქრისტე არც კანონებს დაგვიდგენდა და არც შეგონებებს შემოგვთავაზებდა, კაცთა მოდგმა ბედის გარდუვალობით რომ ყოფილიყო შეკრული. მაგრამ რაკი ვართ თავისუფალნი და ჩვენი ნება ჩვენს ხელთ არის – ბოროტნი ვხდებით უზრუნველობის გამო, კეთილნი და მოკრძალებულნი – გონივრულად ცხოვრებით. ამიტომ მაცხოვარმა ჩვენს განსაკურნებლად და გადასარჩენად მოგვცა კანონები, შთაგვინერგა გეჰენიის შიში და სასუფევლის აღთქმა, რითაც მრავალი დააყენა სწორ გზაზე და ასწავლა სიბრძნე.

ადამიანის ცხოვრებაზე გავლენას რომ ვერ ახდენს მისი დაბადების წინ მკითხაობა, ეს ყოფითი გარემოებებიდანაც ჩანს და ამისთვის წმინდა წერილის მოხმობა საჭირო არ არის.

თუ კაცთა საქმენი დამოკიდებულია ბედისწერაზე, თუ ეს ხვედრი მას ბუნებამ არგუნა, მაშინ რატომ სჯი მონას, რომელმაც იქურდა? რატომ მიათრევ სამსჯავროზე მრუშ ცოლს? რატომ გრცხვენია, როცა ცუდს ჩაიდენ? თუ ცოდვაც გარდუვალია, მაშინ რატომ ვერ ითმენ საყვედურებს, რატომ გწყინს, როცა ვინმე გიწოდებს მემრუშეს, მეძავს ან კაცისმკვლელს?! თუ ეს ცოდვები შენს ნებაზე არ არის დამოკიდებული, მაშინ არც დამნაშავე იქნები და არც სხვათა ნათქვამი უნდა გწყინდეს. მაშასადამე, იმით: რომ კიცხავ სხვებს; რომ არ მიუტევებ შემცოდებლებს; რომ ცუდის ჩადენისა თავადვე გრცხვენია და დამალვას ცდილობ; რომ საყვედურის მთქმელთ მაჭირვებლებად მიიჩნევ – ყველაფრით – შენ აღიარებ, რომ კაცთა საქმეები არ ექვემდებარება გარდუვალობას და თავისუფალი ქმედების შედეგია. გარდუვალობით შებორკილთა მიტევება ჩვენ ხელგვეწიფება. მაგალითად, თუ ვინმე, ეშმაკის მიერ შეპყრობილი, გვეცემა, სამოსს გვახევს და გვირტყამს, ჩვენ მას არც დავსჯით და არც სამსჯავროზე წავათრევთ, პირიქით, შეგვეცოდება და მივუტევებთ. რატომ? იმიტომ, რომ მას ეს საკუთარი თავისუფალი ნებით არ ჩაუდენია, იგი აიძულა ეშმაკმა.

ზუსტად ასევე შევუნდობდით ადამიანებს დანარჩენ ცოდვებსაც, მათი ჩადენა რომ ბედისწერაზე იყოს დამოკიდებული. მაგრამ რაკი ვიცით, რომ ცოდვის ქმნა იძულებით არ ხდება, ამიტომ მას არ მიუტევებენ ბატონები მსახურებს, ქმრები – ცოლებს, ცოლები – ქმრებს, მამები – შვილებს, მასწავლებლები – მოწაფეებს, მთავრები – ქვეშევრდომებს, რჯულმდებელნი – რჯულის მაღიარებლებს… ჩვენ ვართ დანაშაულთა მკაცრი გამომეძიებელნი და დამსჯელნი, დავდივართ სამსჯავროებზე, მივმართავთ დასჯას – ყოველმხრივ ვცდილობთ, რომ მსახურსაც არ მივცეთ ბოროტების ჩადენის ნება და საკუთარი შვილებიც დავიცვათ მანკიერებათაგან. ამიტომ მივუჩენთ ხოლმე მათ დამრიგებლებს, ვაგზავნით მასწავლებლებთან, ვემუქრებით, ვცემთ… მითხარ, რატომ და რისთვის? თუ კაცს ბედმა განუსაზღვრა, იყოს ცუდი, მაშინ რა საჭიროა ეს მცდელობანი? მაგრამ ცხადია, რომ კაცს გარდუვალობა არ ბორკავს და ყველაფერი დამოკიდებულია მის თავისუფალ ნებაზე. ჩვენც იმიტომ მივმართავთ ზემოხსენებულ საშუალებებს, რომ ადამიანს უარი ვათქმევნოთ უზრუნველობაზე და წარვმართოთ სათნოებისკენ.

რატომ ვსერავთ ზღვას, ვამუშავებთ მიწას, ვაშენებთ ქალაქებს, ავადმყოფობის დროს გულმოდგინედ ვუვლით თავს: ვხარჯავთ ფულს, ვიწვევთ ექიმებს, ვიმზადებთ წამლებს, თავს ვიკავებთ ძღომისგან, ვითრგუნავთ გულისთქმას? თუკი, როგორც შენ მეუბნები, ბედმა განგვისაზღვრა – ვიცოცხლოთ თუ დავიხოცოთ, მაშინ სნეულნი თურმე ტყუილუბრალოდ ხარჯავენ ფულს, მიმართავენ ექიმებს, იჩენენ ზედმეტ სიფრთხილეს. დღეს ყველა პირადი გამოცდილებით ხედავს, რომ ამგვარი მცდელობანი ამაო არ არის; ბედი კი საერთოდ არაფერს წყვეტს, არც გარდუვალობა მართავს ჩვენს საქმიანობას – ყველაფერში იკვეთება ადამიანის თავისუფლი ნება…

საკითხავია, რა საჭიროა მთელი ეს შრომა და ძალისხმევა სათნოებათა აღსასრულებლად, თუკი ბედმა უკვე განსაზ- ღვრა – ვიღაც უნდა იყოს კეთილი და ის ასეთიც იქნება, თუნდაც ნიადაგ თვლემდეს ან ეძინოს. გამოდის, იგი იძულებულია, იყოს კეთილი, ამიტომ მას ეს სახელი არც შეიძლება ვუწოდოთ. რა საჭიროა ამდენი გარჯა და ჯაფა, თუკი კაცს ბედმა განუსაზღვრა, იყოს ბოროტი და ამას ვერაფრით შეცვლის, თუნდაც უდიდესი ძალისხმევა დახარჯოს ამისათვის. ისე კი, მას ბოროტი არ უნდა ერქვას, რადგან იძულებულია, ასეთი იყოს. მივმართოთ ასეთ მაგალითსაც: ეშმაკეულმა რომ შეურაცხგვყოს, ჩვენ მას არ ვუწოდებთ მაჭირვებელს, არც მისი ბოროტმეტყველება გვწყინს, რადგან მიგვაჩნია, რომ ამას ეშმაკი აიძულებს. გამოდის, ბოროტსაც, თუ მას ასეთად ყოფნას აიძულებს ბედის გარდუვალობა, აღარ უნდა ვუწოდოთ ბოროტი, არც კეთილს – კეთილი. მაგრამ თუ ასე მოვიქცევით, ყველაფერი აირ-დაირევა, მივიღებთ ცნებათა ქაოსს და გაუფასურებას – არც სათნოება ეღირება რამედ, არც მანკიერება, არც ხელოვნება, არც კანონები და საერთოდ არაფერი…

ხედავ, საით მიდის ეშმაკის ცდუნება. რას უპირებს მსოფლიოს და რა მიზანი აქვს? მაშ, რაკი ვიცით ეს და ამაზე მეტიც (კიდევ ბევრის ცოდნაც შეიძლებოდა, მაგრამ გონიერთათვის ესეც საკმარისია), ვერიდოთ მანკიერებას და მივემსჭვალოთ სათნოებას, რათა უწინარეს ყოვლისა, ლმობიერვყოთ ღმერთი, თავი დავაღწიოთ გეჰენიას და დავტკბეთ მარადიული სიკეთეებით. დაე, ღირსნი გავხდეთ მათი მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამისა და სულისა წმინდისა თანა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.)

თუკი შენ გსურს, ამ თვის პირველი დღიდანაც სარგებლობა მიიღო, მაშინ ასე მოიქეცი: როდესაც წლის ბოლოს მიაწევ, მადლობა შესწირე უფალს, რომ მიგაწია წელიწადების ამგვარ წრებრუნვას, გულისშემუსვრილებით, გამოთვალე წლები შენი სიცოცხლისა, საკუთარ თავს უთხარი: დღეები მიფრინავენ, წლები ილევა… რა სიკეთე გვაქვს გაკეთებული?.. ესრეთ სიბრძნისმეტყველებდე თვეთა დასაწყისში, ამას მოიგონებდე წელიწადთა წრებრუნვაში… დღეებს ყურადღებას აქცევდე, ქრისტიანულ სიბრძნეს არ შეეფერება, წარმართული ცდომილებისათვის არის დამახასიათებელი… მართლაც, ქრისტიანისათვის გასაკვირველი და მიუტევებელია, განსაკუთრებულ კეთილდღეობას ელოდოს მთელი წლისაგან იმისდა მიხედვით, თუ როგორ შეხვდება ახალ წელს, ავიწყდება რა, რომ ჭეშმარიტი ბედნიერება და კეთილდღეობა დროთა ბრუნვაზე კი არაა დამოკიდებული, არამედ ღვთის ნებაზე და ჩვენი საქმიანობის ხასიათზე; მიუტევებელია ახალ წელს ხმაურიანი ღრეობით შევხვდეთ საღამოდან გვიან ღამემდე, რაც პირწმინდად წარმართული ჩვეულებაა და სამარცხვინოა ღვთისმოსავი ქრისტიანისთვის… ამგვარი რამ არა მარტო ღვთისმოსაობის არქონაზე მიუთითებს, არამედ ქრისტიანობასა და ეკლესიასაც ეწინააღმდეგება,”-ამბობს წმიდა იოანე ოქროპირი.

Leave a Reply