გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

აღდგომა-ქრისტე აღსდგა (2)
აღდგომა

ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა! – ასე ესალმებიან ერთმანეთს ქრისტიანები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე. ჩვენი მაცხოვრის, იესო ქრისტეს აღდგომა უდიდესია ქრისტიანულ დღესასწაულთა შორის. ეს არის ცოდვაზე გამარჯვების ზეიმი. აღდგომას წინ უსწრებს სააღდგომო მარხვა, რომელიც 48 დღე გრძელდება და სულიერად გვამზადებს ამ უდიდეს დღესასწაულთან შესახვედრად.

რატომ არის აღდგომა და მასთან მიმართებაში მყოფი დღესასწაულები მოძრავი?

ხშირად მესმის კითხვა: თუ კი ნათლისღება, შობა და სხვა უძრავი დღესასწაულები აღინიშნება კონკრეტული თარიღის მიხედვით, რატომ იცვლება აღდგომის, ბზობის, ამაღლებისა და სხვა მოძრავი დღესასწაულების თარიღები? აღდგომა აღინიშნება გაზაფხულის ბუნიაობის (დღისა და ღამის თანასწორობა) შემდეგ სავსე მთვარის მომდევნო კვირას, მაგრამ არ უნდა უსწრებდეს და ემთხვეოდეს ჰურიათა პასექს. რაც იმას ნიშნავს, რომ აღდგომა უნდა აღინიშნებოდეს არა კონკრეტული თარიღით, არამედ კონკრეტული დროით, რომელიც გამოითვლება წელიწადის დროით (გაზაფხულის ბუნიაბა) და მთვარის ფაზის მიხედვით. რაც შეეხება ბზობას, ამაღლებას და აღდგომასთან მიმართებაში მყოფ დღესასწაულებს, ისინი სწორედ დროის იმ ინტერვალით უსწრებენ ან მოსდევენ აღდგომას, რა ინტერვალითაც უსწრებდნენ ან მოსდევდნენ აღდგომას ქ. შ. 33 წელს, ანუ იმ დროს, როდესაც მოხდა მაცხოვრის აღდგომა. ვინაიდან ეს დღესასწაულები ქრონოლოგიურად ერთსა და იმავე წელს (ქ. შ. 33 წ.) მოხდა და მისტიურად დაკავშირებულნი არიან აღდგომასთან, სწორედ ამიტომ არიან ეს დღესასწაულები აღდგომასთან მიმართებაში მყოფი, სხვები კი არა.

“მესამე დღეს მკვდრეთით აღვდგები”

იესოს ჯვარცმის შემდეგ ორმა დღემ გაიარა. მესამე დღეს კი უნდა აღსრულებულიყო ქრისტეს წინასწარმეტყველება: “მესამე დღეს მკვდრეთით აღვდგები”. კვირა დღეს, გამთენიისას საფლავის დარაჯებმა მიწისძვრა იგრძნეს. მერე ანგელოზი დაინახეს, რომელმაც საფლავიდან ლოდი გადააგორა. ბოლოს იხილეს მაცხოვრის საფლავიდან აღდგომა. შიშით თავზარი დაეცათ და როდესაც გონს მოეგნენ, გაიქცნენ. ჯერ გათენებული არ იყო, როცა მარიამ მაგდალინელი, სალომე და სხვები საფლავთან მიდიოდნენ, რათა იესოს სხეულისთვის ნელსაცხებელი ეცხოთ, რაც დამარხვის დროს ვერ მოასწრეს. ქრისტეზე მგლოვიარე მარიამმა როცა დაინახა გადაგორებული ლოდი და ცარიელი საფლავი, იფიქრა, რომ ქრისტეს სხეული მტრებმა წაიღეს. დაიჩოქა და მწარედ ატირდა. მაშინ ორი ანგელოზი იხილა. მათ მაგდალინელს ტირილის მიზეზი ჰკითხეს. მარიამმა უთხრა, რომ უფალზე ტიროდა. ეს რომ თქვა, უკან მკვდრეთით აღმდგარი უფალი იესო ქრისტე დაინახა. მარიამი ვერაფერს მიხვდა, ეგონა, მებაღეაო. მაშინ იესომ უწინდელი ხმით დაუძახა: “მარიამ!” მარიამმა მაშინვე იცნო ხმაზე იესო. გაექანა, უნდოდა მუხლებზე მოჰხვეოდა, მაგრამ იესომ მას შეხების უფლება არ მისცა. გაგზავნა თავის ძმებთან და დააბარა, რომ ეთქვა: “აღვალ მამისა ჩემისა და მამისა თქვენისა, ღვთისა ჩემისა და ღვთისა თქვენისა თანა”. მარიამმა სასწრაფოდ ახარა იესოს აღდგომა იოანე და პეტრე მოციქულებს. მათ მიირბინეს მაცხოვრის საფლავთან და ნახეს, რომ ის ტილო, რომელშიც მაცხოვრის სხეული იყო გახვეული, ცალკე იდო, ხოლო სუდარა – ცალკე. იოანემ დაიჯერა, პეტრეს კი უკვირდა ეს ამბავი.

იესო ქრისტე ორმოცი დღის განმავლობაში არაერთხელ გამოეცხადა მოწაფეებს. იგი მოციქულებს ღვთის სასუფეველზე ესაუბრებოდა. აჩვენა ჯვარცმიდან დარჩენილი წყლულები, რომლებიც სხეულზე ჰქონდა დარჩენილი და რამდენიმე სასწაული. ამის შემდეგ კი ქრისტეს აღდგომა მათაც იწამეს, რომელთაც ეს მანამდე არ სჯეროდათ. იესომ წმიდა სისხლით გამოგვისყიდა ცოდვისა და სიკვდილის მონებისგან.

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებული ტრადიციები

აღდგომას საქართველოში ყოველთვის განსაკუთრებულად ზეიმობდნენ. სამზადისს აღდგომამდე რამდენიმე დღით ადრე იწყებენ. დიასახლისები სააღდგომო პასქებს აცხობენ, რაც გოლგოთის მთის სიმბოლოა, მთის, სადაც მაცხოვარი ჯვარზე აცვეს. კვერცხების წითლად შეღებვის ჩვეულება წითელ პარასკევს, ანუ ქრისტეს ჯვარცმის დღეს უკავშირდება. როდესაც მარიამ მაგდალინელი იმპერატორს წარუდგინეს, მან ქვეყნის მმართველს სიმბოლურად კვერცხი გადასცა და ქრისტეს აღდგომა ახარა. იმპერატორს ამის გაგონებაზე გაეცინა და თქვა, რომ ამის დაჯერება ისეთივე რთული იქნებოდა, როგორც ის, რომ ეს კვერცხი გაწითლდებოდა. მას ჯერ სიტყვა არ დაესრულებინა და კვერცხი ჯერ გავარდისფრდა, ბოლოს კი გაწითლდა. მარიამმა იმპერატორს ისიც აუწყა, რომ კვერცხი სიცოცხლის სიმბოლოა, წითელი კვერცხი – მაცხოვრის აღდგომისა. ეს გახდა დასაბამი იმისა, რომ ქრისტიანებს უფლის აღდგომა ერთმანეთისთვის წითელი კვერცხებით მიელოცათ. ლარნაკებში დათესილი ხორბალი და მწვანე ჯეჯილზე გაგორებული წითელი კვერცხები სიკვდილის ძლევის სიმბოლოა. სააღდგომო სუფრა მრავალფეროვანი უნდა იყოს. ამ დღისთვის გამომცხვარი პასქა მაცხოვარს გვახსენებს, რომელიც ამბობს: “მე ვარ პური ზეცით გარდამოსული”.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში განსხვავებული ტრადიციები ჰქონდათ ჩვენს წინაპრებს.

სამეგრელოში – აღდგომის დღეს განსაკუთრებული ქვევრის, ლაგვანის თავზე ბატკანს ან გოჭს კლავდნენ. აცხობდნენ ყველისა და კვერცხის პურის კვერებს. ოჯახის უფროსი დილიდანვე მარხულობდა, წყალს არ დალევდა და არც თამბაქოს მოწევდა. შუადღისას ხონჩაზე დააწყობდა ღორის გულ-ღვიძლს, მამლის თავს, კვერებს, საზედაშე ღვინოსა და ამ ყველაფერს საღმრთო საოხორო ქვევრის თავზე დაალაგებდა, მერე იმ ქვევრს თავს მოხდიდა და დაილოცებოდა.

რაჭაში – აღდგომის დღეს, დილით წირვიდან დაბრუნების შემდეგ პურის ფაფას აკეთებდნენ, თონეში ლავაშებს აცხობდნენ. წირვის შემდეგ, მღვდელი თითოეულ ოჯახს ჩამოუვლიდა და აკურთხებდა. ახალი მიცვალებულის პატრონი სააღდგომოდ ცხვარს კლავდა, ცხვრის თავ-ფეხს, ბარკალს, ლავაშს, შეკეცილს ლანგარზე დაალაგებდა და მღვდელს შინ მიართმევდა. აღდგომის მეორე დღეს “გიორგონთობას” ზეიმობდნენ. აცხობდნენ ლობიანებს, შეკეცილებს, ბოხჩუანებს, იხარშებოდა ხორცი და იყო დიდი სმა-ქეიფი.

ყოველ წელიწადს, აღდგომის დღესასწაულზე გურიაში ტრადიციული ლელო იმართებოდა. 16 კილოგრამიან ტყავის ბურთს სილითა და ნახერხით ავსებდნენ და აგუნას წვენს ასხამდნენ. აგუნა უძველესი წარმართული რიტუალიდან გადმოსული ღვინის დღესასწაულია, რომელიც დღეს მიივიწყეს. აგუნა შავი ღვინის, თაფლის, ბროწეულის წვენისა და კიდევ ერთი უცნობი ინგრედიენტის ნაზავია, რომელსაც მცირე რაოდენობით მოთამაშეებსაც ასმევდნენ – ძალისა და სიმხნევის მოსამატებლად.

კახეთში – სააღდგომოდ ბატკანს კლავდნენ, ახალი მიცვალებულის პატრონები სასაფლაოზე გადიოდნენ და კვერცხს აგორებდნენ. სახლში აუცილებლად უნდა დაეკლათ ღორი. იშლებოდა დიდი სუფრა, მეზობლები ერთმანეთს ეპატიჟებოდნენ და ქეიფობდნენ. აცხობდნენ უხაშო კაკანტელებს და არიგებდნენ.

Leave a Reply