ქრისტე აღსდგა თუ აღდგა – რომელია სწორი ფორმა?

agdga-agsdga

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე მორწმუნენი ერთმანეთს ესალმებიან შემდეგნაირად: ქრისტე აღსდგა/აღდგა! ჭეშმარიტად აღსდგა/აღდგა!. ამ ფორმებზე საზოგადოებაში არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, თუ რომელი არის სწორი ფორმა, ქრისტე აღსდგა, თუ ქრისტე აღდგა?
თუ ამ საკითხს გრამატიკულად შევხედავთ, აშკარაა, რომ სწორი ფორმა არის აღდგა, რადგან ეს ზმნა არის ერთპირიანი, ეწყობა მხოლოდ მესამე სუბიექტური პირი, მხოლობით რიცხვში და შესაბამისი სუბიექტური პირის ნიშანი -ა ზმნაში უკვე ასახულია. უნდა აღინიშნოს, რომ აღსდგა – ფორმაში ნიშანი -ს- რეალურად არის მესამე ირიბი ობიექტური პირის ნიშანი, რომელიც ერთპირიან ზმნას არ ეწყობა. აღსანიშნავია, რომ აღდგა ფორმას ვხვდებით მათეს, მარკოზის და ლუკას სახარებაშიც. “სასწრაფოდ წადით და უთხარით მის მოწაფეებს, რომ იგი აღდგა მკვდრეთით და აჰა, წინ მიგიძღვით გალილეისაკენ. იქ ნახავთ მას. აჰა, გითხარით თქვენ” (მათეს სახარება -ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა). “მან უთხრა მათ: „ნუ შეშფოთდებით! თქვენ ეძებთ ჯვარცმულ იესო ნაზარეველს. იგი აღდგა, აქ არ არის. აჰა ადგილი, სადაც ის დაასვენეს” (მარკოზის სახარება, იესოს მკვდრეთით აღდგომა) “არ არის აქ, არამედ აღდგა. გაიხსენეთ, რას გეუბნებოდათ, როცა ჯერ კიდევ გალილეაში იყო, რომ ძე კაცისა ცოდვილ კაცთა ხელთ უნდა გადაეცეს, ჯვარს ეცვას და მესამე დღეს აღდგესო” (ლუკას სახარება, აღდგომა).

ამ ორი ფორმის –აღდგა/აღსდგას შესახებ უნდა ითქვას, რომ აღდგა არის გრამატიკულად სწორი ფორმა, ხოლო აღსდგა კი – ტრადიციული ფორმა. სწორედ ასეა ეს ფორმები განმარტებული სასკოლო ორთოგრაფიული ლექსიკონში, “აღდგება; აღდგა [და არა აღსდგება, აღსდგა],
მ ა გ რ ა მ: ქრისტე აღსდგა (ტ რ ა დ ი ც.) “.

როგორც პროფესორმა შუქია აფრიდონიძემ აღნიშნა, “ზმნის ფორმა აღდგა არ საჭიროებს –ს– პირის ნიშანს. სხვა (არა მაინცდამაინც რელიგიურ) კონტექსტში რომ გვეხმარა ეს სიტყვა (მაგ., ისევ აღდგა ძველი ტრადიცია), ცხადია, -ს- ნიშნის უხმარებლობა არც იქნებოდა საკამათო.

რაც შეეხება ფორმულას „ქრისტე აღსდგა“, არავითარი სხვა გამართლება, თუ არა მისი ხმარების ხანგრძლივი საეკლესიო ტრადიცია და მისი თანმხლები კოლორიტი, არა აქვს. ამდენად, რჩება მხოლოდ მორწმუნის სუბიექტური არჩევანის საკითხი”.

Leave a Reply