კვირაცხოვლობა (თომას კვირა)

25477

მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის სწორზე კვირაცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს. კვირაცხოვლობა აღდგომის დღესასწაულის განახლებაა. ამ დღიდან მოყოლებული ყოველი კვირა დღე, აღდგომის დღესასწაულია. ამიტომაც მორწმუნეები კვირაობით ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე იკრიბებიან. აღდგომის მომდევნო კვირა, ანუ კვირაცხოვლობა, სხვაგვარად იწოდება თომას კვირად, რადგანაც ამ დღეს ქრისტიანები იხსენებენ თომას რწმენაში მოსვლის სასწაულს.

მაცხოვრის ჯვარზე გაკვრით შეძრწუნებული თომა მოციქულის გონება უნუგეშო ფიქრებით იყო დამძიმებული, ძვირფასი მასწავლებლის დაკარგვის გამო – ქრისტეს მოწაფეების მტკიცებებს, მასწავლებლის აღდგომასთან დაკავშირებით, იგი პასუხობდა: „თუ არ ვიხილავ მის ხელებზე ნალურსმნევს და ნალურსმნევში არ ჩავყოფ თითს, მის ფერდში კი – ხელს, არ ვირწმუნებ“ (იოანე, 20:25).

აღდგომიდან მერვე დღეს, ისევ კვირა საღამოს, მაცხოვარი კვლავ გამოეცხადა მოწაფეებს, ამჯერად თომას თანდასწრებით, უჩვენა ჭრილობები და უთხრა თომას, მოსულიყო და ხელით შეხებოდა. თომა მუხლებზე დაეცა, თაყვანი სცა მაცხოვარს და თქვა: “უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო”. იგი პირველი იყო მოწაფეთა შორის, რომელმაც სრულიად აღიარა იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება. “შენ იხილე და ირწმუნე, თომა, – უთხრა უფალმა – ნეტარ იქნებიან ისინი, ვისაც არ უხილავს და იწამა”.

თომას კვირიდან, დიდმარხვის ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, მართლმადიდებლურ ეკლესიებში ხდება ჯვრისწერის საიდუმლოს შესრულება.

თომას კვირა იმითაც არის აღსანიშნავი, რომ ამ დღეს ეკლესიებში მორწმუნეებს ურიგდებათ არტოსი. რა არის არტოსი? აღდგომის დღიდან მთელი ბრწყინვალე შვიდეულის მანძილზე ეკლესიებში კანკელის წინ დგას მაგიდა პურით. ეს პური საგანგებოდაა გამომცხვარი და ეწოდება არტოსი („არტოს“ – ბერძნ. „პური“). სადღესასწაულო დღეებში არტოსი განსაკუთრებული მადლით იმოსება და დიდ სიწმინდეს წარმოადგენს.

კვირაცხოვლობას არტოსი მცირე ნაწილებად იჭრება და მორწმუნეებს ურიგდება. არტოსს მორწმუნეები კიდევ უფრო ანაწევრებენ და მთელ წელიწადს ინახავენ წმინდა ადგილას; ავადმყოფობის ან სხვა განსაცდელის ჟამს არტოსი მიიღება, როგორც სულიერი წამალი –საკურნებლად სულისა და ხორცისა.

ყველას გილოცავთ კვირაცხოვლობის დღესასწაულს !

Leave a Reply