მითოლოგიური წარმოდგენები ჭაობის შესახებ

White Lake marsh-2

მითი – ეს არის ხალხური გადმოცემა, რაიმე ამბის შესახებ. სიტყვა “მითი” მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან “Mythos, რაც ამბავს ნიშნავს. ძველბერძნული მითები ყველაზე ცნობილ ამბებს მიეკუთვნება. ისინი მოგვითხრობენ უზენაესი ღმერთის, ზევსის, ოლიმპოს მთის სხვა ღმერთების შესახებ, თუმცა ბერძნული მითების გარდა არსებობს სხვადასხვა ხალხების მითები, რომლებიც სრულიად განსხვავებულ ამბებს მოგვითხრობენ. ერთ-ერთი, რომელიც მინდა შემოგთავაზოთ ეს არის მითი, ჭაობის შესახებ, რომლებიც მოგვითხრობს ჭაობებში მობინადრე ჭაობის ადამიანზე, რომელიც მგზავრს გზას უბნევდა და ფაქტობრივად სასიკვდილოდ სწირავდა.

უძველესი ეპოქიდანვე ადამიანებში დიდ შიშს იწვევდა ჭაობებისთვის დამახასიათებელი ღამის ნათებები, რომლებიც “გარდაცვლილთა სანთლებად” მოიხსენიებდნენ, რადგან მათ იმიერიდან გზავნილებად მიიჩნევდნენ. სხვადასხვა ხალხებში დამკვიდრებული მოსაზრებით, ვინც ჭაობებში “გარდაცვლილთა სანთლებს” იხილავდა, ეს იმის წინასწარმეტყველება და გაფრთხილება იყო, რომ ის უახლოეს პერიოდში გარდაიცვლებოდა. გერმანულ მითოლოგიასა და ფოლკლორში, ჭაობის ნათებები – იმ გარდაცვლილი ადამიანების მოჩვენებები იყვნენ, რომელთაც სიცოცხლეში მეზობლებს მიწა მოჰპარეს, რის გამოც სიკვდილის შემდეგ იქნენ დასჯილნი. გერმანელების წარმოდგენით, ასეთი ადამიანების სულები ჭაობებში, მარადიულად, ამაოდ დაეხეტებოდნენ და ეძებდნენ მყარ მიწას. ფინელები ასეთი სახის ჭაობის ნათებას – “ლიეკოს” უწოდებდნენ და მათ იმ გარდაცვლილი ბავშვების სულებად განიხილავდნენ, რომლებიც რიგი მიზეზების გამო ტყეებში, სრულიად უპატრონოდ იყვნენ დაკრძალულნი და მიტოვებულნი. ევროპის სამხრეთ ნაწილში გამეფებული შეხედულებით, ჭაობის ნათესებს იმ ძველი მეომრების სულებად განიხილავდნენ, რომლებიც საგანძურს იცავდნენ. ინგლისელთა წარმოდგენით, ე.წ “ჭაობის მოხეტიალე ცეცხლები” ცდილობდნენ ადამიანების ყურადღების მიქცევას, რათა ისინი უფრო ღრმად შეეტყუებინათ ჭაობებში და მათთვის ისე აებნიათ გზა-კვალი, რომ ჭაობისათვის თავი ვერასდროს დაეღწიათ. ეს ელემენტი, საკმაოდ კარგად არის აღწერილი დიდი ინგლისელი მწერლის – ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის საყოველთაოდ ცნობილ, რომან-ეპოპეაში “ბეჭდების მბრძანებელი”. ფინურ-უგორული მითოლოგიის მიხედვით, ჭაობი უხილავ და ზებუნებრივ ძალას ანიჭებდა მასში მცხოვრებ გოლიათს – იარ მორტას. კელტური მითოლოგია ირწმუნებოდა, რომ “ჭაობი გარდაცვლილ ადამიანთა სულების კარიბჭე” იყო და ჭაობს სხვადასხვა შესაწირავსაც სწირავდნენ. ციმბირის დასავლეთში მცხოვრები ჰანტებისა და მანსების ხალხებს სჯეროდათ, რომ სამყარო თხევადი მიწისგან – ანუ ჭაობისგან შეიქმნა. ცნობილია ისიც, რომ ერთ-ერთი ძველი ეგვიპტის უზენაესი ღვთაება – ისიდა, თავის ვაჟს ჰოროსს, საფრთხის თავიდან ასაცილებლად, სწორედ ჭაობში მალავდა.

ჭაობი ისევე, როგორც ისტორიის ადრეულ ეტაპებზე, დღემდე უარყოფით ასოციაციას იწვევს ადამიანებში და შეიძლება ითქვას, რომ იგი ჩამორჩენილობის, რეგრესისა და სხვა რიგი უარყოფითი მოვლენების გამომხატველ სიმბოლოებთან ასოცირდება.

Leave a Reply