ბუნების კომპონენტების დაცვა

ჰაერის ძირითად გამაჭუჭყიანებლად მართებულად ითვლება სამრეწველო საწარმოები და ტრანსპორტი. მის წინააღმდეგ ტექნიკურ საშუალებებს იყენებენ ფილტრების და გამონაბოლქვის სხვა გამწმენდი საშუალებების სახით.

ატმოსფერული ჰაერის დაცვის სწორი ორგანიზაციისათვის საჭიროა ტერიტორიის მიკროკლიმატური თავისებურებების შესწავლა და ახლადმშენებარე საცხოვრებელ მასივებში სახლების სწორი განლაგება. მაგალითად, საცხოვრებელი კვარტალები არ უნდა იყოს აშენებული იქ, სადაც გაბატონებულია სამრეწველო ობიექტებიდან მონაბერი ქარები.

treeსაქართველოში ნიადაგის დიდი ნაწილი ეროზიის შედეგად ირეცხება და იკარგება. ეროზია განსაკუთრებით სწრაფად ვრცელდება ციცაბო ფერდობებზე. ძლიერ დახრილ ფერდობებზე რეკომენდებულია ხელოვნური დატერასება. ასეთი ტერასები მრავალი საუკუნის განმავლობაში არსებობდა სამხრეთ საქართველოში, რომლებიც აწყურისა და ხერთვისის მიდამოებში ახლაცაა შენარჩუნებული.

ბუნების დაცვის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს წყლის სისუფთავის დაცვა და წყლის არაეკონომიურ ხარჯვასთან ბრძოლა. მისი დაცვის მიზნით აუცილებელია გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა და მათი გამართული მოქმედების ორგანიზება. წყლის დაცვა ასევე გულისხმობს მის ეკონომიას.

წიაღის დაცვა სპეციფიკური ხასიათისაა. იგი დაკავშირებულია იმასთან, რომ სხვა რესურსებისაგან განსხვავებით, წიაღისეული არ მიეკუთვნება განახლებად რესურსს. ამიტომ მისი რაციონალური გამოყენება ფაქტობივად ნიშნავს წიაღის დაცვას.

baum_pflanzen_maedchenმცენარეული საფარის დაცვას უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია. ზოგ ადგილას, მაგალითად, ყაზბეგის რაიონში, ინტენსიური ძოვების შედეგად განვითარდა ეროზიული პროცესები და საძოვრების პროდიქტიულობა მკვეთრად დაეცა. ჩვენში ბევრია სამკურნალო, სამღებრო, დეკორატიული და სხვა დანიშნულების სასარგებლო მცენარის ენდემური და რელიქტური სახეობები. ისინი, სხვა მცენარეებთან ერთად, ქმნიან საქართველოს მცენარეულ გენოფონდს. ამ გენოფონდს უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა მარტო სამეცნიერო, არამედ პრაქტიკული მიზნებისათვის. მაგალითად, ბევრი ველური მცენარე შეიძლება გამოვიყენოთ ახალი კულტურული მცენარეების სელექციისათვის.

საქართველო წარსულში ცნობილი იყო თავისი მდიდარი ცხოველთა სამყაროთი. მაგრამ ამჟამად ბევრი ცხოველი ან საერთოდ განადგურებულია, ან განადგურების პირასაა მისული. მათ განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროებათ. ამის გამოა, რომ, არსებული კანონმდებლებით, ნადირობა აკრძალულია ძალიან ბევრ ცხოველზე, ზოგიერთზე ნადირობა კი ლიმიტირებულია.

Leave a Reply