ნიადაგის წარმოქმნას ასეულობით წელიწადი და უფრო მეტი დრო სჭირდება

ნიადაგი დედამიწის ზედა ფენაა, რომელსაც უნარი აქვს აღმოაცენოს მცენარე. ნაყოფიერება – ნიადაგის მთავარი თვისებაა.

ნიადაგის შედგენილობაში შედის: ჰაერი, წყალი, ნეშომპალა, ქვიშა, თიხა და მინერალური მარილები. გარდა ამისა, ნიადაგში ბინადრობენ ბაქტერიები, ჭიები, მწერები, მასში არის აგრეთვე მცენარის ფესვები.

ნიადაგის ბინადრები მასში ხვრელებს აჩენენ, საიდანაც ჩადის წყალი და ჰაერი. მარილების მარაგი ნეშომპალას წყალობით არ ილევა. ნეშომპალა ბაქტერიების ზემოქმედებით ნელა, თანდათანობით მარილებად გადაიქცევა.

მცენარის ფესვები ნიადაგში არსებული ჰაერით სუნთქავენ, შეიწოვენ წყალს, რომელშიც მინერალური მარილებია გახსნილი.

ნიადაგის წარმოქმნას ასეულობით წელიწადი და უფრო მეტი დრო სჭირდება, მაგრამ ადამიანის დაუდევრობით შეიძლება ადვილად გადაირეცხოს. ამიტომ ნიადაგს გაფრთხილება უნდა.
ნიადაგი მნიშვნელოვანი ბუნებრივი სიმდიდრეა. დედამიწაზე სიცოცხლისთვის მას დიდი მნიშვნელობა აქვს. მცენარე საკვებს ნიადაგიდან იღებს, მცენარეებით იკვებება ცხოველების დიდი ნაწილი, ადამიანი კი საკვებად მცენარესაც იყენებს და ცხოველსაც. ამიტომ აუცილებელია, გავუფრთხილდეთ ნიადაგს, დავიცვათ გადარეცხვისა და დაბინძურებისგან.

ნიადაგი რომ არ გამოიფიტოს, მას უნდა დავუბრუნოთ ის მინერალური ნივთიერებანი, რომელსაც ითვისებენ მცენარეები. ამიტომ ნიადაგში შეაქვთ სასუქი. სასუქი ხელს უწყობს ნიადაგის ნაყოფიერების გაზრდას.

ნიადაგის გადარეცხვას იწვევს წყალი და ქარი. ძლიერ წვიმებს შეუძლია ისე გადარეცხოს ნიადაგი, რომ ხრამებიც კი წარმოქმნას. გადარეცხვისგან ნიადაგის დასაცავად ადამიანები რგავენ მცენარეებს. მათი ფესვები საიმედოდ ამაგრებენ ნიადაგს.

ნიადაგი უნდა დავიცვათ მშენებლობების და საყოფაცხოვრებო ნაგვისგანაც.

მოვლილი ნიადაგი კარგ მოსავალს იძლევა.

miwa9ld1.jpg

Leave a Reply