ფერისცვალების დღესასწაული

0_2c494_146154fc_XL

19 აგვისტოს მართლმადიდებლური ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს, რომელიც 12 უდიდეს დღესასწაულთა რიცხვში შედის და უფალ იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ეპიზოდს უკავშირდება. ფერისცვალების შესახებ მოგვითხრობენ მახარებლები მათე, მარკოზი და ლუკა.

უფალმა თავის მოწაფეთაგან გამოირჩია პეტრე, იაკობი და იოანე და მათთან ერთად თაბორის მთაზე ავიდა სალოცავად. სანამ მაცხოვარი ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. გაღვიძებისას ნახეს, რომ იესო ქრისტემ ფერი იცვალა: „და იცუალა მათ წინაშე სხუად ფერად და განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ ვითარცა ნათელი“ (მათე XVII, 2). ამ დროს მაცხოვრის გვერდით ზეციური დიდებით შემოსილი მოსე და ელია წინასწარმეტყველი იდგნენ, რომლებიც მაცხოვართან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რაც მას იერუსალიმში მოელოდა. ამის მნახველი მოწაფეები გამოუთქმელმა ნეტარებამ მოიცვა და პეტრემ წამოიძახა: „მოძღუარ კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფა. და ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა, ერთი მოსესა და ერთი ელიაისა“ (ლუკა IX, 33). ამ სიტყვების თქმის შემდეგ ნათელი ღრუბელი დაადგრა მათ, ხოლო ღრუბლიდან მოისმა ხმა ღვთისა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვიყავ. მაგისი ისმინეთ“ (მათე XVII, 5). შეშინებული მოწაფეები პირქვე დაემხვნენ, მათთან იესო მივიდა, ხელი შეახო და უთხრა: „აღდეგით და ნუ გეშინინ“ (მათე XVII, 7). როცა მათ მიმოიხედეს, მოსე და ელია აღარსად იყვნენ.

მთიდან ჩამოსვლისას მაცხოვარმა გააფრთხილა მოწაფეები, რომ ეს ამბავი არავისთვის გაემხილათ, ვიდრე მკვდრეთით არ აღდგებოდა.

თაბორის მთაზე ფერისცვალებით უფალმა მოწაფეებს ხილული სახით უჩვენა თავისი ღმრთაებრივი დიდება – ღვთაებრივი, შეუქმნელი, მარადიული, ნათელი, უფრო ბრწყინვალე და წმიდა ვიდრე მზის სხივები, ნათელი, რომელიც მათ სულებს საოცარი სიხარულით, ზეციური სიმშვიდითა და ნეტარებით ავსებდა. მოწაფეთა წინაშე გაცხადდა მარადიული სიცოცხლის საიდუმლო, ანუ ის სიცოცხლის საიდუმლო, რომელიც მარადიულადაა გაცისკროვნებული ღმრთაებრივი ნათლით, და ამგვარ გაცხადებას წმიდა დიონისე არეოპაგელმა „დროული მარადისობა“ უწოდა. XIV საუკუნეში დიდი დავა იყო თაბორის ნათლის შესახებ. კათოლიკური აზროვნება და კერძოდ მისი წარმომქმნელი – კალაბრიელი ბერი ვარლამი ამ ნათლის მარადიულობასა და შეუქმნელობას უარყოფდა და მას ქმნილებად, დროში შექმნილად მიიჩნევდა. ამის საპირისპიროდ ცნობილი წმიდა მამა გრიგოლ პალამა ამტკიცებდა, რომ თაბორის ნათელი ეს არის ღმრთაებრივი ძალა, ენერგია, სხვაგვარად რომ ვთქვათ ღმერთი, რომელიც სრულიად მიღმიურია ხილული სამყაროსი, ამავე დროს თავისი ენერგიებით, მადლით ქმნის, იცავს და განმსჭვალავს მთელ ამ სამყაროს, რომ მაცხოვარმა თაბორზე მოწაფეები სწორედ ამ ღმრთაებრივი ძალის ხილვის ღირსი გახადა და არა რაღაც ზებუნებრივი სინათლისა, რომელიც თითქოს სწორედ ფერისცვალების სასწაულისათვის შეიქმნა. როგორც ამას ვარლამი ამტკიცებდა. ამ დავას გამოეხმაურნენ ათონელი ბერებიც, რომელნიც უდიდესი ასკეტური ღვაწლის წყალობით თვითონ გახდნენ ღირსნი, საღვთო ნათელს გაენათებინა მათი გულები. მათ კონსტანტინეპოლში გაგზავნეს „ტომოსი“, რომელშიც ადასტურებდნენ თაბორის ნათლის მარადიულობასა და ღმრთაებრიობას, კონსტანტინეპოლის ადგილობრივმა საეკლესიო კრებამ 1351 წელს დაგმო ვარლამის მცდარი სწავლება, ხოლო გრიგოლ პალამას შეხედულებები მართლმადიდებლურად აღიარა. თეოდორე ხარანელი მოგვითხრობს უფლის ფერისცვალების შესახებ თავის ქადაგებაში, პარალელს ავლებს მაცხოვარსა და მოსეს შორის. როგორც ვიცით, სინას მთიდან ჩამოსვლისას მოსეს სახეც ისე ბრწყინავდა, რომ ისრაელიანებმა მასთან მისვლა ვერ გაბედეს.

ფერისცვალების ნათელი ხატებზე წმიდანთა თავზე დამდგარი შარავანდედის სახით გამოისახება. იგია ძვირფასი გვირგვინი, რომლითაც უფალი სულიერ ბრძოლაში გამარჯვებულთ აჯილდოებს.

ყველას გილოცავთ ამ უდიდეს დღესასწაულს, უფალი გფარავდეთ!

Leave a Reply