“რა კარგი იქნებოდა ცა, რომ სარკე იყოს…”

“რა კარგი იქნებოდა ცა, რომ სარკე იყოს, მაშინ ჩვენ ვინც ცას ვუყურებთ, დავინახავდით ერთმანეთს. მე დავინახავდი მამიდას, დავინახავდი ჩემს სოფელს, მთელ ქვეყანას დავინახავდი. რამდენ უცნობ კაცს და ჩემს ტოლს დავინახავდი, რამდენი ნაცნობი მეყოლებოდა… მთელ მსოფლიოს გავიცნობდი და მთელი მსოფლიო გამიცნობდა.  რა კარგი იქნებოდა, ცა რომ სარკე იყოს. ვნახავდი ქვეყნებს, ამოვირჩევდი ყველაზე კარგ ქვეყანას, ყველაზე კარგ ხალხს და წავიდოდი, ვიმოგზაურებდი, ვნახავდი, სად არის ომი, სად სიმშვიდეა; სადაც სიმშვიდეა, ალბათ, ყველას იქ მოუნდებოდა წასვლა, ცა რომ სარკე იყოს… თუმცა, ცა რომ სარკე იყოს, მაშინ ჩვენ ყველანი დავინახავდით ერთმანეთს, ვნახავდით, რომ არა ვართ ისე ცუდები, ჩვენ რომ გვგონია, არაფრი არ გვაქვს საჩხუბარი და ომები აღარ იქნებოდა… ცა რომ სარკე იყოს, დავინახავდით, ვის უჭირს ამ ქვეყანაზე, ვის ულხინს, მერე დალხინებულები წავიდოდნენ გაჭირვებულებთან და მიეხმარებოდნენ… რა კარგი იქნებოდა, ცა რომ სარკე იყოს…”

e1839ce1839de18393e18390e183a0-e18393e183a3e1839be18391e18390e183abe18394-e28093-nodar-dumbadze2

ეს ნაწყვეტი ქართველ მწერალს, ნოდარ ვლადიმერის ძე, დუმბაძეს ეკუთვნის, ნაწარმოებიდან “მე ვხედავ მზეს”. ის 1928 წლის 14 ივლისს, მოსამსახურის ოჯახში, ქალაქ თბილისში დაიბადა. მისი ბავშვობა უშფოთველი და უზრუნველი ყოფილა – ოჯახური სითბო, წიგნები, სკოლა და ამხანაგ–მეგობრები. თუმცა უღრუბლო წლები დიდხანს არ გაგრძელებულა. 9–10 წლისამ დაჰკარგა მშობლები. დაჭაბუკების წლები მშობლიურ სოფელ ხიდისთავში გაატარა (გურია). სტუდენტობის წლებში კვლავ დაუბრუნდა თბილისს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ თანამშრომლობდა ჟურნალ “ცისკარში”, იყო სატირული ჟურნალ “ნიანგის” რედაქტორი, მწერალთა კავშირის მდივანი, შემდეგ თავმჯდომარე. ბევრ ჭირთამთმენს ბედის სამდურავი სიტყვა არ წამოსცდენია. მისთვის ყველა და ყველაფერი სიკეთის ძალით იზომებოდა.

ნოდარ დუმბაძემ პირველი ლიტერატურული წარმატება საბავშვო პოეზიაში მოიპოვა. მას შემდეგ იგი განუყოფელი ნაწილია მწერლობისა, რომლის გარეშე შეუძლებელია ჩვენი ეროვნული ცხოვრების წარმოდგენა. სიცილი ნოდარ დუმბაძის თვითდამკვიდრების ისეთივე ბუნებრივი ფორმაა, როგორც მხედართმთავრისათვის ომი, ან ჩიტისათვის ფრენა. ნანახის, განცდილისა და გადატანილის გამო, ნოდარ დუმბაძემ გულიანად აცინა და კიდეც ატირა მკითხველი. “ხაზარულა” მხოლოდ კარგი სულის პატრონს შეეძლო დაეწერა. მწერლის შემოქმედებას, მკითხველის გარდა, მაყურებელიც ბევრი ჰყავს. ერთხელ გურამ ასათიანთან უთქვამს: “მე თავისუფლება მინდოდა და სიცილი იმისთვის ავირჩიეო”. ნოდარ დუმბაძის სიცილის მთავარი დანიშნულება სიკეთისათვის კარის გაღებაა.

ნოდარ დუმბაძე მზიანი გულით დაიბადა და ვერავითარმა სიდუხჭირემ თუ განსაცდელმა, არამცთუ ვერ ჩააქრო, ვერც კი გაუნელა მას სითბო და სიყვარული ვერც, როგორც პიროვნებას და ვერც, როგორც შემოქმედს. თხრობის ლირიზმმა და განუმეორებელმა იუმორმა განაპირობა მწერლის პოპულარობა, როგორც ჩვენში, ისე საზღვარგარეთ. ნოდარ დუმბაძის თხზულებები თარგმნილია მსოფლიოს  ხალხთა მრავალ ენაზე.

1984 წლის 14 სექტემბერს სიმღერით და სიცილით გამოესალმა წუთისოფელს. მზიანი გულის კაცი მზემ მიაცილა “მზიურამდე”, ცრემლითა და გულისტკივილით გააცილა საზოგადოებამ მზიურამდე.

Leave a Reply